მინურ პაქსაძე: განსხვავებული აღმსარებლობა არ გვაშორებს, მრავალფეროვნება გვაძლიერებს
By

მინურ პაქსაძე: განსხვავებული აღმსარებლობა არ გვაშორებს, მრავალფეროვნება გვაძლიერებს

მინურ პაქსაძე ხულოს მკვიდრია. იგი პროპორციული სიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატად აირჩიეს. ამავე დროს, არჩეულია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ. იგი რეგიონსა და ხულოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება.
ბატონო მინურ, ელოდით თუ არა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევას?

– თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრებაში მიზანი და მოლოდინი, თუმცა ჩემთვის მთავარი ყოველთვის იყო, არის და იქნება ხალხის ნდობა და საზოგადოების სამსახურში ყოფნა. ნდობა, რომელიც მმართველმა პარტიამ გამომიცხადა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ღირსეულად უნდა ვემსახურო ჩვენს რეგიონსა და მოსახლეობას. ასეთი დიდი ნდობისათვის კი, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთან მუდმივი კომუნიკაცია. თავს მოვალედ მივიჩნევ, გავითვალისწინო თითოეული ამომრჩევლის წინადადება, თხოვნა, მოვისმინო მათი საჭიროებების შესახებ.

დღემდე რა საქმიანობდით?

– დავიბადე და გავიზარდე ხულოში. 2013 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ, სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ხელმძღვანელ პოზიციებზე. სანამ უმაღლესი საბჭოს წევრი გავხდებოდი, მთიანი აჭარის კურორტ გოდერძის დირექტორი გახლდით. სამთო კურორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის გაძლიერება და ინფრასტრუქტურული მიმართულებების გაუმჯობესება ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანია. ტურიზმის კუთხით გატარებულმა სახელმწიფო პოლიტიკამ კურორტს ახალი შესაძლებლობები მისცა, უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდა საინვესტიციო და ზოგადად, ეკონომიკური თვალსაზრისით. ვფიქრობ, წლების გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად დამენახა და შემეფასებინა როგორც რეგიონის საჭიროებები, ისე განვითარების პერსპექტივები.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს ყოფილი დელეგატის ვახტანგ ბერიძის სახით ღირსეული გზამკვლევი გყავთ. . . რამდენად ჩაერთვებით ხულოში მიმდინარე თუ სამომავლო პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციაში?

– ბატონი ვახტანგ ბერიძე ნამდვილად ღირსეული ადამიანია, რომლის გამოცდილება, დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, მრავალწლიანი საქმიანობა ბევრისთვის სამაგალითოა. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება და გზა, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობაში გაიარა. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას, ვიქნები მაქსიმალურად აქტიური ყველა იმ პროგრამისა და პროექტის განხორციელებისას, რომელიც ხულოს განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, კულტურული პროგრამების განხორციელებას და ახალგაზრდული მიმართულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატს, რა ხედვები გაქვთ გოდერძის ოთხივე სეზონის კურორტად გადაქცევსთან დაკავშირებით?

– კურორტს ნამდვილად აქვს უნიკალური პოტენციალი, რომ ოთხივე სეზონზე აქტიური და მიმზიდველი ტურისტული ტერიტორია გახდეს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა მხოლოდ ზამთრის ტურიზმის განვითარება, არამედ ისეთი ინფრასტრუქტურისა და სერვისების შექმნა, რომლებიც ვიზიტიორებს წლის ნებისმიერ სეზონზე მოიზიდავს. გოდერძის უღელტეხილის ახასიათებს განსაკუთრებული ბუნება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, უნიკალური ლანდშაფტი და მრავალფეროვანი კულტურული ტრადიციები, რაც ეკოტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამთო-საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტების, ასევე საოჯახო და სპორტული ტურიზმის განვითარების კარგ შესაძლებლობებს ქმნის. აუცილებელია გზების, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობაც, რათა კურორტის განვითარებამ პირდაპირი სარგებელი მოუტანოს ხულოს მოსახლეობას. ვფიქრობ, სწორი ხედვითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, შესაძლებელია  კურორტ გოდერძის წლის ოთხივე სეზონზე ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბება.

ქვეყნის მთიან რეგიონებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. დაცარიელების პრობლემის წინაშეა ხულოს სოფლებიც. ამ ეტაპზე რა წინადადებებსა და მოსაზრებებს თავაზობთ მშობლიური ხულოს მოსახლეობას, რომ სოფლებიდან მათი მიგრაცია შეჩერდეს და დემოგრაფიული პროცესები მართვადი იყოს?

– მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობის გადინება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სამწუხაროდ, ეს პრობლემა ხულოშიც მწვავედ იგრძნობა. სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მთის სოფლებისთვის იგეგმება და ხორციელდება, სწორედ ამ პროცესების შეჩერებას ისახავს მიზნად. ჩვენი მთავარი ამოცანაა სოფლად მცხოვრებთათვის ისეთი პირობების შექმნა, რომ ადამიანებს საკუთარი კარ-მიდამოს დატოვების სურვილი აღარ გაუჩნდეთ. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ შეღავათებსა და სოციალური დაცვის მექანიზმებს სთავაზობს მთიან რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანებს. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სფეროების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, სწორედ, მთის სოფლების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ეს არის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, სარწყავი და საირიგაციო სისტემების, მემცენარეობის და სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფუტკრეობის, აგროტურიზმის, სოფლად მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა. სხვა პროგრამებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და მემთეურთა ავადობის კვლევა, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობის გაუმჯობესება, სკოლამდელი და სასკოლო განათლების პროექტების გაძლიერება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა. როგორც ცნობილია, დასრულების ფაზაშია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ისტორიული პროექტი, ასევე, მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირება. რაც ჩვენს მოსახლეობას მთის მკაცრ პირობებში ცხოვრებას გაცილებით გაუადვილებს. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო პროგრამებში ყოველ წელს გვაქვს სიახლეები, რომელთა უმთავრესი მიზანი სწორედ მთიან რეგიონებში მცხოვრებთა მხარდაჭერა და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებაა. მთის სოფლების გაძლიერება ჩვენი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც წლიდან წლამდე იხვეწება და მეტი სარგებელი მოაქვს. ქვეყნისა და რეგიონის მუდმივად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, სახელმწიფო პროგრამები სულ უფრო მეტ სფეროსა და მიმართულებას მოიცავს, მათი გავრცელების არეალი და სპექტრიც იზრდება. საგულისხმოა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აჭარაში მოქმედებს რეგიონული და მუნიციპალური პროგრამები, რაც სასიკეთოდ აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

 – ხულო მდიდარია კულტურული ტრადიციებით, თუნდაც თეატრისა და უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ბერმუხას შემოქმედების სახით. რა კეთდება არსებულის შენარჩუნებისა და მომავალი წარმატებისთვის?

– ხულო მართლაც გამორჩეულია თავისი კულტურით, ტრადიციებითა და განსაკუთრებული ადამიანებით. ჩვენი თეატრი, ფოლკლორი, ქორეოგრაფიული ანსამბლები და განსაკუთრებით, უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბერმუხა“ არა მხოლოდ ხულოს, არამედ სრულიად საქართველოს კულტურული სიმდიდრეა. არანაკლებ მნიშვნელობას შეიძენს პროფესორ უჩა დვალიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებული ეთნოგრაფიული ანსამბლი „ხელგაშლილა“. ამ ყველაფრის შენარჩუნება და განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, აუცილებელია კულტურის სფეროს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა როგორც ფინანსური, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიური ჩართვა კულტურულ ცხოვრებაში, რათა ტრადიციები თაობებს შორის მიზნობრივად გაგრძელდეს. ასევე, საჭიროა, ფესტივალების, გასტროლების, კულტურული პროექტებისა და საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობა, რაც ჩვენს კულტურას უფრო ფართოდ წარმოაჩენს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების, თეატრის დასის და ანსამბლების წევრების პირობების გაუმჯობესებას, რადგან კულტურა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა კი არა, ჩვენი მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ხულოს უნიკალური კულტურული იდენტობის დაცვასა და კიდევ უფრო გაძლიერებას.

ხულოში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრობენ. . .

– ხულო ყოველთვის იყო სხვადასხვა რელიგიისა და ტრადიციის მშვიდობიანი თანაარსებობის მაგალითი. მართლმადიდებელი და მუსლიმი მოსახლეობა წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობს, იზიარებს ერთმანეთის სიხარულსა და ტკივილს, რაც ჩვენი კუთხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსებაა. ვფიქრობ, ამ ურთიერთობების შესანარჩუნებლად აუცილებელია, პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემა, ტრადიციების გაფრთხილება და ახალგაზრდებში ამ ღირებულებების გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ: განსხვავებული აღმსარებლობა არ გვაშორებს, მრავალფეროვნება გვაძლიერებს.

ხულოს ოპოზიციური სპექტრი ყოველთვის ჰყავდა. ამ ეტაპზე მათი საქმიანობა შესუსტებულია. რას გააკეთებთ მმართველი პარტიის როლისა და ავტორიტეტის კიდევ უფრო ასამაღლებლად?

– დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული პოლიტიკური აზრი და ოპოზიციის არსებობა ბუნებრივი და აუცილებელია. რაც შეეხება საზოგადოების ნდობას, ვფიქრობ, მის შენარჩუნებას ყოველდღიური მუშაობა, კონკრეტული საქმეები, შედეგები და ხალხთან მუდმივი ურთიერთობა სჭირდება. ჩემი და გუნდის მთავარი მიზანია მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა, პრობლემებზე დროული რეაგირება და ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს ხულოს მოსახლეობის ცხოვრების პირობებს. როდესაც საზოგადოება ხედავს განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გრძნობს ყურადღებას ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ეს აძლიერებს ნდობას როგორც მმართველი გუნდის, ისე კონკრეტული პიროვნების მიმართ. საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებია. ჩვენი ამოცანაა, შევასრულოთ აღებული ვალდებულებები, ვიყოთ მუდმივ კავშირზე მოსახლეობასთან და თითოეული გადაწყვეტილება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ.

დაბოლოს, რა გაკეთდება ადგილობრივი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის?

– ახალგაზრდობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავალია, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აუცილებელია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ განათლების, თვითრეალიზებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობა, რათა საკუთარი მომავალი სწორედ მშობლიურ მუნიციპალიტეტში დაინახონ. ასევე, მნიშვნელოვანია, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენენ. ჩემი მხრიდან ყოველთვის მზად ვიქნები, მოვუსმინო ახალგაზრდებს, გავითვალისწინო მათი პრობლემები და მათთან ერთად ვიმუშაო ჩვენი რეგიონის უკეთესი მომავლისთვის.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *