ზურაბ პატარაძე: ქვეყანაში არსებულმა სტაბილურობამ შესაძლებლობა მისცა რეგიონს, ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს
By

ზურაბ პატარაძე: ქვეყანაში არსებულმა სტაბილურობამ შესაძლებლობა მისცა რეგიონს, ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს

რეგიონის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე.

როგორც მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ყველა პროექტის მთავარი მიზანი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის მიერ დასახული პოლიტიკური კურსით, ქვეყანაში არსებულმა სტაბილურობამ შესაძლებლობა მისცა რეგიონს, ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ზურაბ პატარაძემ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ ეტაპზე ხორციელდება და, მისივე განმარტებით, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

– დღეს, როცა აჭარაში ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაზე, ვიზიტიორების ახალ ნაკადებსა და ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ წინსვლაზე ვსაუბრობთ, ცალსახაა, რომ ეს ყველაფერი სწორედ ბათუმიდან და მისი საზღვრებიდან იწყება; მიიღო მილიონობით სტუმარი და შესთავაზო მათ ტურისტული პროდუქტები და მაღალი კლასის სერვისი, პირდაპირაა დამოკიდებული შესაბამის ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაზე. ამ მხრივ აღსანიშნია კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო სერვისები, კერძოდ – ბათუმის აეროპორტის განახლებული შეთავაზებები, რომლებიც გათვლილია ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტიორების ინტერესებზე.

შესაბამისი უწყებების მაქსიმალური მობილიზებით ჩვენ ვხვდებით კიდევ ერთ, წარმატებულ ტურისტულ სეზონს, რომელიც უკვე წელიწადის ოთხივე დროზეა გათვლილი. +11%-იანი ზრდა გვაქვს ვიზიტებში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით საერთაშორისო ფრენების რაოდენობის ზრდას (+20 % – ით). შარშან გვყავდა 4.8 მილიონი ვიზიტიორი და გვქონდა 1.8 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები 33%-ით გაიზარდა, მთიანი აჭარის მარშრუტებზე კი 12%-ით და ნახევარ მილიონს მიაღწია.

ეკონომიკა და მსხვილი ინფრასტრუქტურა – რეგიონის ეკონომიკური მდგრადობა უმთავრესია. ჩვენი პროგნოზით, აჭარაში გვაქვს ორნიშნა, საშუალოდ 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდზე მეტია. ეს მნიშვნელოვანი პარამეტრები ზრდის ჩვენს საინვესტიციო პოტენციალს. 3 ივნისს ქობულეთში საფუძველი ჩაეყარა 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს – Swissôtel Kobuleti Beach Resort, ეტაპობრივად იხსნება ახალი სასტუმროები, ივლისის ბოლოს იგეგმება კიდევ ერთი ბრენდული სასტუმროს მშენებლობა ბათუმის შუაგულში,

ამ ეკონომიკურ ტემპს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: როგორც პრემიერის ანგარიშშიც მოვისმინეთ, უმნიშვნელოვანესი პროექტია შემოვლითი გზების მშენებლობა – ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის მაგისტრალის გაფართოება და ბათუმი-სარფის საერთაშორისო გზა 7.5 კმ-იანი გვირაბით.

გზების მოწესრიგება მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების მასშტაბით: მათ შორის, ბათუმში დასრულდა გოგებაშვილის და რუსთაველის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოწესრიგდა სანიაღვრე არხები. ქვაფენილის ასფალტის საფარით ჩანაცვლება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს გზების მოწესრიგება ქალაქის და ადმინისტრაციული ცენტრების მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს 20 საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა საერთო სიგრძე 48.60 კილომეტრს შეადგენს. ხულო-ზარზმის 47 კმ-იანი გზის მონაკვეთიდან დარჩენილია მხოლოდ 3 კილომეტრი, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. მაღალმთიან აჭარაში დავასრულეთ 120 კმ-იანი ცენტრალური გაზსადენი, რითაც 27,100 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. ხულო-გოდერძის ბოლო 2-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები გრძელდება.

ბათუმის ბულვარის, მათ შორის, ძველ და ახალ ტერიტორიებზე დაგეგმილი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას, პროექტ „მაგნოლიას“ ფასადის რეაბილიტაციას, არდაგანის ტბის მიმდებარე ზოლისა და გონიოს ახალი ხიდის განვითარებას. ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც, მათ შორის აღსანიშნავია ქობულეთის ბულვარის გაგრძელება, 600 მეტრ მონაკვეთზე მოეწყო ახალი დასასვენებელი ლოკაცია, წლის ბოლომდე დაგეგმილია ფიჭვნარში სარეკრეაციო სივრცის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება და სხვა.

დასრულდა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა; იგეგმება ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სპორტული კომპლექსების მშენებლობა, აგრეთვე, თამარის დასახლებაში მდებარე საჩოგბურთო კორტების რებილიტაცია.

ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა, განვითარების ტემპი თანაბრად გადანაწილდეს ექვსივე მუნიციპალიტეტზე. ეს არის გზები, გაზიფიცირება, წყალმომარაგება: მასშტაბური პროექტით 39 სოფლის 40,000-მდე მცხოვრები გარანტირებულად მიიღებს 24-საათიან, უწყვეტ წყალს. პარალელურად, ბათუმის კომუნალური ქსელის მე-5 ფაზის ფარგლებში, ვაფართოებთ ადლიის გამწმენდ ნაგებობას და ჩაქვის წყალსათავეს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაძლიერება. მიმდინარე წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 87 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, ხოლო მომავალ წელს ის 95 მილიონს მიაღწევს. მიმდინარე წლის 5 თვეში ჩვენი 39 პროგრამით 30,000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა: მძიმე ონკოლოგიური, კარდიოქირურგიული მკურნალობა, ასევე ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები, უფასო სამედიცინო კვლევები და სკრინინგები, დემოგრაფიული გამოწვევების პროგრამები.

აღსანიშნავია სოციალური საცხოვრებელი სახლების, მათ შორის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროექტი. ამ ეტაპზე სოციალური სახლების მშენებლობა დასრულდა რამდენიმე მისამართზე და დაიწყება ბინების გადაცემის პროცესი. ასევე, მიმდინარეობს სოციალური სახლების მშენებლობა ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ერგეში ეს პროცესი უკვე დასრულებულია და მალე აქაც დაიწყება ბინების გადაცემის პროცედურები; ასევე, ე.წ. ოცნების ქალაქში დასრულებულია ძირითადი კონსტრუქციები და დაიწყება 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია სკოლის აგება, ასევე დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.

2 ივლისს ქვეყნის მასშტაბით იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვიცით, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ჩვენი ახალგაზრდებისთვის სრულიად უფასო ხდება, ამიტომაც მიმდინარე წელს ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარება. ჩვენს რეგიონში სულ 4 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი, აბიტურიენტთა რაოდენობა 4500-მდეა. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ბათუმში ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი #21 საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისაა და 1400 მოსწავლეზეა გათვლილი.

კულტურის სფეროში აღსანიშნია ხინოწმინდის ეკლესიის, ბათუმის საკათედრო ტაძრის, ქედის ჯამეებისა და ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის რეაბილიტაცია. დავასრულეთ კინოს მუზეუმის შექმნის სამუშაოები. სულ მალე საფუძველი ეყრება ახალ მასშტაბურ საერთაშორისო მისიკალურ ფესტივალს გონიოს ციხეზე სახელწოდებით „გონიოს ჰანგები“, რაც კულტურული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენი მიზანია საოჯახო მეურნეობების განვითარება, რის ფარგლებშიც 5,000-მდე ფერმერის მხარდაჭერა დავაფინანსეთ; გრძელდება ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.

ყველა მიმდინარე პროექტი ემსახურება ერთადერთ მიზანს – შევქმნათ ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი რეგიონი, სადაც ყველა სიკეთეს თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები სწორედ იმ დინამიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანია, აჭარამ შეინარჩუნოს მყარი პოზიცია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *