„საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში, გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე.
„საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. ამასთან, გლობალური ანტიტერორისტული სტრატეგიის შესაბამისად, საქართველო მუდმივ რეჟიმში ატარებს სათანადო ღონისძიებებს ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
სუს-ის ცნობით, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა.
სუს-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში მიმდინარე კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, ასევე გაიმართა პარალელური სამუშაო შეხვედრები ეროვნული და რეგიონული კონტრტერორისტული სტრატეგიებისა და ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების თემაზე, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა გიორგი ბერიანიძემ.