ხსოვნის ტურნირი – ჭადრაკში
თამაზ ირემაძე ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომის მკვიდრი იყო. 60 წელსაც არ იყო მიტანებული, წუთისოფლიდან რომ წავიდა. მის სახელსა და საქმეს მშობლიურ სოფელსა და ხულოს რაიონში მრავალი წამოწყება და სოციალურ-კულტურული დანიშნულების პროექტი უკავშირდება. იმ წლებში აიგო ღორჯომის კულტურის სასახლის შენობა, როცა თამაზი ღორჯომის თემს ხელმძღვანელობდა. მისი და იოსებ ვანაძის ინიციატივით, მთებში – ზოტიყელსა და ჩუდურაულში, სახალხო დღესასწაულები წამოიწყეს და მეოთხედ საუკუნეზე მეტია უწყვეტად ტარდება. ბიზნესმენ გოჩა ირემაძისა და მისი თაოსნობით ღორჯომში „ბაგირგზა“ გაკეთდა.
სოფელსა და ხეობაზე მზრუნველი პიროვნება სპორტის ცალკეული (ფრენბურთი, ჭადრაკი, ციგურაობა) სახეობითაც იყო გატაცებული.
საზოგადოება , ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე თამაზს ამაგს არ უკარგავს. ჯერ იყო და ჭადრაკში მისი ხსოვნის ტურნირი დააწესეს, შემდეგ, სოფელ ღორჯომის კულტურის სასახლეს თამაზ ირემაძის სახელი მიანიჭეს.
ხსოვნის ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და სასპორტო სკოლა იყო. შვეიცარიული სისტემით მიმდინარე ტურნირში სხვადასხვა ასაკის ქალები და მამაკაცები მონაწილეობდნენ. ქალებს შორის საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: ნატო ირემაძე, ესმა ართმელაძე და ნაილე აბულაძე. მამაკაცებს შორის ყველა პარტია მოიგო თენგიზ წულუკიძემ და პირველი ადგილი დაისაკუთრა. მეორე ადგილზე ზია შავაძე გავიდა, მესამეზე- ელდარ ბოლქვაძე.
საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და ფულადი პრიზები ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და თამაზ ირემაძის ოჯახის წევრებმა გადასცეს.
ოთარ ცინარიძე.