შეხვედრის თემა -„დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა თემაზე: „დაცული ლანდშაფტის მართვა და უწყებათაშორისი კოორდინაცია“.
ღონისძიებას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი დაცული ლანდშაფტების მართვის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების განხილვა, ასევე, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიების ფარგლებში, დაცული ლანდშაფტების მართვის პოლიტიკა, სამართლებრივი ჩარჩო, მოქმედი მართვის მოდელი და პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრები მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე გაეცნენ ლანდშაფტის მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას, განხორციელებულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს.
გალერეა

