ელისო ბოლქვაძემ ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდიების გამარჯვებულები დააჯილდოვა
აჭარის კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ, ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ ახალგაზრდა შემოქმედთა ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულებს სტიპენდიატის სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მისასალმებელ სიტყვაში აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა ახალგაზრდა ხელოვანების მხარდამჭერ პროექტებსა და შემოქმედებით პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. მინისტრმა სტიპენდიატებს გამარჯვება მიულოცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ შეისწავლა 42 ავტორის 126 ნაწარმოები და გამოავლინა უმაღლესი ქულის მქონე 8 გამარჯვებული – 4 პოეზიაში და 4 პროზა-ესეისტიკა-პუბლიცისტიკაში.
ლიტერატურული კონკურსების 2026 წლის სტიპენდიატები, განსაკუთრებულ სტატუსთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას.
აღსანიშნავია, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2026 წელს სტიპენდიები გაიცემა 12 თვის ვადით, ნაცვლად 7 თვისა.
ასევე, ახლო მომავალში აჭარის მწერალთა სახლი გამოსცემს ორივე ლიტერატურული კონკურსის მონაწილეთა კრებულს, სადაც მკითხველი, გამარჯვებული კონკურსანტების ნაწარმოებებთან ერთად, გაეცნობა საუკეთესო ათეულში შესულ ავტორთა ნამუშევრებს.
მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ირმა აბულაძე, ბადრი ნაკაშიძე, ზაურ ახვლედიანი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი ლალი კონცელიძე, მწერლები, პოეტები და მოწვეული სტუმრები.