„ანა ფრანკის დღიური“ – როდესაც სცენაზე ნათქვამი სიტყვა გულამდე აღწევს
By

„ანა ფრანკის დღიური“ – როდესაც სცენაზე ნათქვამი სიტყვა გულამდე აღწევს

არის სპექტაკლები, რომლებიც მაყურებლის მეხსიერებაში, განცდებსა და ფიქრებში დიდხანს აგრძელებენ სიცოცხლეს. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილი „ანა ფრანკის დღიური“, რეჟისორ გაგა გოშაძის დადგმა, რომელიც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის IV კურსის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევარია.
დამდგმელი მხატვარი ცისანა პეტრიძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მოდის დიზაინის III კურსის სტუდენტი გახლავთ. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ოტო ფრანკი – მიხეილ ღომიძე (ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი), ედიტ ფრანკი -სალომე ბედინეიშვილი, ანა ფრანკი – მარიამ გუჯაბიძე, მარგო ფრანკი – ანი მელაძე, ბატონი ვანდაანი – გიორგი ყურავა (ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი), ქალბატონი ვანდაანი – მარიამ გველესიანი, პიტერი – თომა ნოზაძე (სამსახიობო სპეციალობის I კურსის სტუდენტი), კრალერი – მარიამ ენდელაძე, დუსელი – ნოდარ სამთელაძე.

„ანა ფრანკის დღიური“ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და მტკივნეული დოკუმენტია, რომელიც ჰოლოკოსტის ტრაგედიას ბავშვის თვალით გვიჩვენებს. მოზარდი გოგონა, რომელიც ნაცისტური რეჟიმისგან თავის დასაღწევად ოჯახთან ერთად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძულებული იყო, სამალავში ეცხოვრა, საკუთარ დღიურში შიშზე, მარტოობაზე, იმედზე, სიყვარულსა და უკეთესი მომავლის რწმენაზე წერდა. სწორედ ამ უბრალო, მაგრამ საოცრად ღრმა სიტყვებმა გადააქცია მისი დღიური მსოფლიო ჰუმანიზმის სიმბოლოდ, ხოლო თავად ანა ადამიანური ღირსებისა და თავისუფლების მარადიულ ხმად.
ასეთი ნაწარმოების სცენაზე გაცოცხლება უდიდეს პასუხისმგებლობასა და განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. რეჟისორმა გაგა გოშაძემ ეს გამოწვევა პროფესიონალიზმითა და შინაგანი სიფაქიზით დაძლია. მან შექმნა სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს იმ ეპოქის ემოციურ თანამონაწილედ აქცევს, აიძულებს, თითოეული პერსონაჟის ტკივილი, შიში, სიყვარული და იმედი საკუთარ განცდად აქციოს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ახალგაზრდა მსახიობები. მათმა შესრულებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სცენაზე ისინი არა სტუდენტებად, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობებად წარმოგვიდგნენ. თითოეული როლი სიღრმით, ემოციური სიზუსტითა და შინაგანი სიმართლით იყო შესრულებული. იგრძნობოდა, რომ ყოველი სიტყვა და პაუზა – გააზრებული, ყოველი ემოცია კი გულწრფელი იყო. ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ომის უმოწყალობაზე, ადამიანის სულის სიმტკიცესა და იმ ფასეულობებზე, რომლებიც ყველაზე მძიმე განსაცდელის დროსაც კი არ უნდა დავკარგოთ. დარბაზში ის იშვიათი სიჩუმე სუფევდა, რომელიც მხოლოდ მაშინ იბადება, როდესაც მაყურებელი მთლიანად ერწყმის სცენაზე მიმდინარე მოვლენებს. სპექტაკლის დასასრული დაუვიწყარ სანახაობად იქცა. ფინალური სცენის შემდეგ დარბაზი ერთიანად წამოდგა ფეხზე. ოვაციები და ხანგრძლივი, უწყვეტი აპლოდისმენტები დიდი ხნის განმავლობაში არ წყდებოდა. ემოციებს ვერ მალავდნენ თავად მსახიობებიც, ისინი სცენაზე ცრემლიანი თვალებით გამოვიდნენ. ეს იყო ცრემლები, რომლებშიც ერთდროულად იკითხებოდა დიდი შრომა, პასუხისმგებლობა, გამარჯვება და მაყურებლისგან მიღებული უდიდესი სიყვარული.

– ეს იყო ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევარი და მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას. ბათუმის დრამატული თეატრიდან ორი მსახიობი – მიხეილ ღომიძე და გიორგი ყურავა დავიმატეთ. მხატვარიც სტუდენტი გოგონაა, რომელმაც არაჩვეულებრივად იმუშავა. ძალიან კარგი გუნდი შეიკრა. ამდენი ნიჭიერი სტუდენტი ერთ ჯგუფში იშვიათია და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ყველას წარმატებულ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, – გვითხრა რეჟისორმა გაგა გოშაძემ.
– მოგეხსენებათ, რაც დღეს ვიხილეთ, სადიპლომო სპექტაკლია. სამსახიობო ჯგუფის მეოთხე კურსის ბოლო სემესტრში მეც ვიმუშავე ამ საოცარ ბავშვებთან მეტყველებაზე, მართალია, ცოტა ხნით, რადგან სპექტაკლზე მუშაობას უფრო მეტი დრო დაეთმო. კარგად გამოჩნდა, როგორი არაჩვეულებრივი ნამუშევარიცაა და რეჟისორის რამდენი გარჯაა ჩადებული. დრამატულ თეატრში რომ ათამაშონ ეს ბავშვები, ვფიქრობ, პროფესიონალ, გამოცდილ მსახიობებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ამ ასაკში სტუდენტმა რომ აგატიროს, ძალიან იშვიათია. იმდენად გულწრფელები იყვნენ, ცრემლებით გამოვიდნენ „პაკლონზე“ და ჩემთვის ეს იყო ძალიან სასიამოვნო. არაერთგზის ვყოფილვარ იმის მონაწილე, როგორი წარმატებით მიდიოდა ჩვენი საუნივერსიტეტო სპექტაკლი და ამ ჯგუფმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტი განაგრძობს ღირსეული თაობის გამოზრდას. იმრავლოს კარგმა სპექტაკლებმა, იმრავლოს ასეთმა თაობამ და ჰქონდეთ იმედი, რომ ხელოვნება არასოდეს ჩაიფერფლება ისე, რომ ასეთი მოგუგუნე მაყურებელი არ ჰყავდეს, – გვითხრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამილა მეიშვილმა.

– ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის ანა ფრანკის როლის თამაში, რადგან ეს იყო ჩვენი სადიპლომო ნაშრომი, ამ პიესით წარვსდექით პირველად მაყურებლის წინაშე და ვთქვით ჩვენი სიტყვა. ვფიქრობ, ღირსეულად წარმოვაჩინეთ ის, რასაც უნივერსიტეტში ამ ოთხი წლის განმავლობაში ვსწავლობდით. ძალიან მინდოდა, ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენს გუნდს ბევრი რამ შეუძლია. საკმაოდ რთული იყო ამ როლზე მუშაობა, თან ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისთვის, რომ სრულფასოვნად მოგვემზადებინა ყველაფერი. ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა, ჩემი აზრით, სპექტაკლი შედგა და კარგად წარვსდექით მაყურებლის წინაშე, – გვითხრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მარიამ გუჯაბიძემ.

– იმ ამბავს, რომ სტუდენტებთან ერთად უნდა გვეთამაშა, მეც და გიორგი ყურავაც, სიხარულით შევხვდით. ვფიქრობდით, კარგია, ბავშვებთან ერთად ვიქნებით, ვიხალისებთ, კარგ დროს გავატარებთ… და ასეც იყო, მაგრამ მერე და მერე, რეპეტიციების პროცესში კარგად გავაცნობიერეთ, რომ ძალიან სერიოზულ პიესაზე ვმუშაობდით, რაც საკმაოდ მძიმე იყო ემოციურად, გაოცებული ვარ ბავშვებით, რომლებიც ამ სპექტაკლში მონაწილეობენ. თითოეული მათგანი ისეთი მობილიზებით მუშაობს, ისეთი აზრით აკეთებს ყველაფერს… არ მეგონა, მსგავს პიესას ასე თუ გაუმკლავდებოდნენ, გულთან მიიტანდნენ და ასე გაატარებდნენ საკუთარ თავში. მიხარია, რომ მათთან ერთად თამაშის შანსი მომეცა. არასდროს მქონია ასეთი განცდა, როგორც ახლა მაქვს. მთელი სპექტაკლი შინაგანად მჭამს, შემდეგ კი ყველაფერს მაცლის. ემოციურად ძალიან რთულია, თუმცა მიხარია, რომ კარგი შედეგი დავდეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო რეჟისორ გაგა გოშაძეს, ის თავისი საქმის პროფესიონალია! – გვითხრა მსახიობმა მიხეილ ღომიძემ.

ასეთი წარმოდგენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ თეატრი ცოცხალია მაშინ, როდესაც სცენაზე ნათქვამი სიტყვა გულამდე აღწევს. „ანა ფრანკის დღიურმა“ სწორედ ეს შეძლო, დაგვაფიქრა, აგვატირა, გაგვაერთიანა და დაგვიტოვა განცდა, რომელიც დარბაზიდან გამოსვლის შემდეგაც დიდხანს მიგვყვება.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *