კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს თანამდებობა ჯანმრთელობის გამო არ დაუტოვებია და იყო სხვა მიზეზი. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე.
კალაძის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან. აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ, აგენტურული ქსელის წარმომადგენლები არიან. საერთოდ აცდენილი არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.