მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის გლობალურ დიალოგში მონაწილეობს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში იმყოფება, სადაც გაეროს ეგიდით გამართულ „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ საინაუგურაციო გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრებიც, მათ შორის, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან.
მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ჩავიდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გლობალური დიალოგის მიზანი გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვაა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც საქართველოსთვის, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.
„საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი დონის კონფერენციაში. ეს ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემებში. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეფორმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.