განათლება მდგრადი ტურიზმისთვის: გამოწვევები და საერთაშორისო პერსპექტივები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონში“ VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ ჩატარდა.
კონფერენცია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის” პარტნიორობით გაიმართა.
მისი მიზანი ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა, მდგრადი განვითარების მიმართულებების განსაზღვრა და აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
კონფერენცია ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დელეგატებმა საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შემდეგი 3 ძირითადი თემა განიხილეს: განათლება მდგრადი ტურიზმისთვის: გამოწვევები და საერთაშორისო პერსპექტივები, ტურიზმი საქართველოში და გლობალური გამოწვევები, ტურიზმის მდგრადი განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა.
სამეცნიერო სესიები რვა თემატურ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ტურიზმის მდგრად ეკონომიკას, მარკეტინგსა და ბრენდინგს, ციფრულ ტრანსფორმაციას, ეკოტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტული დანიშნულების ადგილების მართვასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
კონფერენციაში დარეგისტრირებული იყო 217 აკადემიური პირი და ახალგაზრდა მკვლევარი, მათ შორის, 52 უცხოელი დელეგატი გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებას ესწრებოდა 124 მონაწილე და 50-მდე მოწვეული სტუმარი.
კონფერენციის შედეგების საფუძველზე გამოიცემა აბსტრაქტების კრებული და ერთობლივი მონოგრაფია – „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმო კულტურულ-შემეცნებით ტურს მაჭახელას ხეობაში, რაც მიზნად ისახავდა აჭარის რეგიონის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.