„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს უწყობს ინსტიტუტების გაძლიერებას“
By

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს უწყობს ინსტიტუტების გაძლიერებას“

აშშ-ში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო ვიზიტზე, შეხვედრებზე ამერიკის საკანონმდებლო და საარჩევნო სისტემების წარმომადგენლებთან, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობებსა და მიმდინარე საერთაშორისო გამოწვევებზე გვესაუბრება ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული საბჭოს“ ხელმძღვანელი გიგა ფარტენაძე.
ახლახან დაბრუნდით ამერიკიდან, სადაც მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობდით, გვიამბეთ ამის შესახებ. . .
– სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ქართველი ახალგაზრდა ლიდერების დელეგაციის ხელმძღვანელი „ღია სამყაროს კანონის უზენაესობის (Rule of Law)“ პროგრამის ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის საქართველოს წარმომადგენლობას“, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა აღნიშნული პროგრამა საქართველოში. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო პროგრამის კოორდინატორის, ბატონი ლუის მადანიკის მიმართ გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოდგენა. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონის უზენაესობის პრაქტიკული მოდელის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის გაცნობა, პროგრამა გამორჩეული იყო იმით, რომ იგი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრებით, მონაწილეებს შესაძლებლობა გვქონდა, უშუალოდ გვენახა, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატიული მმართველობის სხვადასხვა ინსტიტუტი პრაქტიკაში ვაშინგტონსა და მინეაპოლისში. ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები გვქონდა კონგრესის წარმომადგენლებთან ვაშინგტონში, ხოლო შტატ მინეაპოლისში ფედერალური და შტატის სასამართლოების მოსამართლეებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და იმ პირებთან, რომლებიც წლების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე მუშაობენ. ასევე, შესაძლებლობა მოგვეცა, დავსწრებოდით სასამართლო პროცესებს, გაგვეცნო საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკა და გვემსჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში. ამ პროგრამის განსაკუთრებული ღირებულება სწორედ გამოცდილების გაცვლაშია. თითოეულ ქვეყანას თავისი ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური თავისებურებები აქვს, თუმცა ერთმანეთის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება ყოველთვის ქმნის შესაძლებლობას, უკეთ გავიაზროთ ის მიმართულებები, რომლებიც ინსტიტუციური განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული მმართველობის სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და პროფესიული კონტაქტები მომავალშიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს როგორც ჩემს აკადემიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, ისე იმ ინიციატივებს, რომლებსაც საქართველოში ახალგაზრდების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით ვახორციელებთ.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდით როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი? და აქვე კითხვა: საქართველოს მხოლოდ თქვენ წარმოადგენდით?
– დიახ, პროგრამაში ვმონაწილეობდი როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ასევე – როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ვფიქრობ, სწორედ ამ ორი მიმართულების გამოცდილების ერთობლიობამ მომცა შესაძლებლობა, აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული დისკუსიებში და წარმომედგინა საქართველოს გამოცდილება. ამასთან, მე არ ვყოფილვარ საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი. პროგრამაში მონაწილეობდა ქართველი ახალგაზრდა ლიდერების დელეგაცია, რომლის ხელმძღვანელობის პატივი მერგო. დელეგაციის წევრები სხვადასხვა პროფესიულ სფეროს წარმოადგენდნენ, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა გამოცდილების გაზიარებას როგორც ამერიკელ პარტნიორებთან, ისე თავად დელეგაციის წევრებს შორის.
კონკრეტულად, რა საკითხები განიხილეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
– პროგრამა მთლიანად ეძღვნებოდა კანონის უზენაესობის პრინციპებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, საარჩევნო პროცესების ადმინისტრირებას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას, სამოქალაქო საზოგადოების როლს, მოქალაქეთა ჩართულობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის მნიშვნელობას. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო არა მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოს გაცნობა, არამედ იმის დანახვა, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში. ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს უწყობს ინსტიტუტების გაძლიერებას, გამჭვირვალობის ზრდას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. სწორედ ძლიერი ინსტიტუტებია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მთავარი საფუძველი.
როგორც აღნიშნეთ, ვიზიტის ფარგლებში გქონოდათ არაერთი შეხვედრა აშშის საკანონმდებლო, სასამართლო და საარჩევნო სისტემების ხელმძღვანელებთან. განსაკუთრებული შთაბეჭდილება რომელმა შეხვედრამ მოახდინა?
– სიმართლე გითხრათ, თითოეული შეხვედრა განსაკუთრებული იყო, თუმცა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება ჩემზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მოახდინა. განსაკუთრებული პატივი იყო ფედერალური სასამართლოს მოსამართლეებთან შეხვედრა და სასამართლო პროცესებზე დასწრება. საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ მიმდინარეობს მართლმსაჯულების პროცესი, რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ პროცესუალურ გარანტიებს, მხარეთა თანასწორობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ასევე, საინტერესო იყო საუბრები იმაზე, თუ როგორ ყალიბდება საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ და რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქემ იცოდეს, რომ სასამართლოში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კანონის საფუძველზე. არანაკლებ საინტერესო იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრები, რომლებმაც გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება.
რა ძირითადი განსხვავებაა საქართველოსა და აშშის საარჩევნო სისტემებს შორის?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და აშშ-ის საარჩევნო სისტემები განსხვავებულ ისტორიულ და კონსტიტუციურ საფუძვლებზეა აგებული, ამიტომ მათი პირდაპირი შედარება ყოველთვის სწორი არ არის. ამერიკაში არჩევნების ადმინისტრირება, ძირითადად, დეცენტრალიზებულია. თითოეულ შტატს, ხოლო ხშირ შემთხვევაში თითოეულ ოლქსაც კი, საკუთარი ადმინისტრაციული პროცედურები აქვს, თუმცა ყველა მათგანი ემყარება საერთო დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოში კი საარჩევნო ადმინისტრირება უფრო ცენტრალიზებულია. ასევე საინტერესოა, რომ ამერიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას, ადგილობრივი თემების ჩართულობასა და არჩევნების საზოგადოებრივ დაკვირვებას. საბოლოოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის არა კონკრეტული მოდელი, არამედ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. მაგალითისთვის, მინეაპოლისის შტატი არის ერთ-ერთი პირველი შტატი ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის და აქტივობის კუთხით, სწორედ მსგავს საკითხებზე გვქონდა საუბარი – თუ როგორ შეგვიძლია ჩვენც ახალგაზრდები უფრო მეტად დავაინტერესოთ და ჩავრთოთ საარჩევნო პროცესში. ამ კუთხით მათი პრაქტიკის გაზიარება, ვფიქრობ, დიდად წაადგება ჩვენს საარჩევნო გარემოს.
შეხვდით კონგრესის საგარეო ურთიერთობების მიმართულების წარმომადგენლებ. გვიამბეთ ამის შესახებაც.
– დიახ, ასეთი შეხვედრაც გაიმართა ვაშინგტონში, ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელთან, კონგრესის ბიბლიოთეკაში და ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენი ვიზიტისა. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს. ამერიკელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საქართველოს სტაბილურობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროფესიული დიალოგი და კომუნიკაცია პარტნიორებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.
ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით აშშირანის დაპირისპირებას. რა შეფასებები კეთდება კონგრესში?
– ვინაიდან ჩვენი ვიზიტი საგანმანათლებლო და პროფესიული ხასიათის იყო, ძირითადი ყურადღება პროგრამის თემატიკაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობაზე იყო კონცენტრირებული. შესაბამისად, სამხედრო თუ ოპერატიული საკითხები განხილვის მთავარი საგანი არ ყოფილა. თუმცა ზოგადი შეფასებებიდან ჩანდა, რომ კონგრესში ეროვნული უსაფრთხოების, საერთაშორისო სტაბილურობისა და ამერიკის მოკავშირეების უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამავდროულად, აშკარაა, რომ მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო კრიზისების შეფასება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამ თემაზე კონგრესშიც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები არსებობს, რაც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ბუნებრივი ნაწილია.
– საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა არც ისე სახარბიელოა. რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ საქართველო ამერიკის ინტერესების სფეროდან არ ამოვარდეს?
– მიუხედავად დღეს არსებული შექმნილი ვითარებისა (ვგულისხმობ სტრატეგიული პარტნიორობის დროებით შეჩერებას აშშ-ის მხრიდან) საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს, უსაფრთხოების თანამშრომლობასა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონსტრუქციული და უწყვეტი დიალოგის შენარჩუნება. პარტნიორებს შორის შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული ხედვა კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა სწორედ მუდმივი კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა ქმნის ნდობის საფუძველს. ოფიციალური საქართველოს ინტერესებში უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, რაც ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობის აღდგენის ქვაკუთხედია. ძლიერი, დემოკრატიული და პროგნოზირებადი საქართველო ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე მთლიანად დასავლეთისთვის.
– დაბოლოს, რა აქტივობების განხორციელებას აპირებთ სამომავლოდ?
– ამ ვიზიტის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანია აშშ-ში ვიზიტისას დამყარებული კონტაქტების გაღრმავება და მათი უკვე საქართველოში ჩამოყვანა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით. ასევე, მსურს, მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიარო ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და პროფესიულ საზოგადოებას. ვგეგმავთ საჯარო ლექციების, დისკუსიებისა და ტრენინგების ორგანიზებას, სადაც ვისაუბრებთ კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიულ მმართველობასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე. ასევე, ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციისა და უნივერსიტეტის ფარგლებში, რათა ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და პროფესიულ გაცვლებში მონაწილეობის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მხოლოდ პირადი პროფესიული განვითარებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ახალი თაობის გაძლიერებასა და საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებასაც ემსახურება.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ივლისი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *