თენგიზ შარმანაშვილი: ჯო უილსონის ინიცირებული რეზოლუცია ცრუ ნარატივებზეა აგებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებული რეზოლუციის პროექტს ეხმაურება. მისი შეფასებით, დოკუმენტი ყალბ ნარატივებს ეფუძნება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს გარე ზეწოლის გავლენით არ მიიღებს.
„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, მათი პატიმრობიდან გათავისუფლება ქართული კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება და არა ვინმეს ზეწოლის საფუძველზე. ვინმე თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ საქართველო ზეწოლით ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს მისი პრობლემაა. ვიდრე ხელისუფლებაში ჩვენ ვართ, საქართველო არავის ჭკუაზე არ გაივლის. ნათლად ვთქვით, რომ სახელმწიფო ჰუმანური ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის, მაგრამ ეს გარკვეულ პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. არ შეიძლება, სახელმწიფოს მიმართო და თქვა, არალეგიტიმურად მიგაჩნია და ახალ რევოლუციას მოამზადებ, ამის შემდეგ კი, ისევ ჰუმანურ ნაბიჯს ელოდე. ეს ყველაფერი არალოგიკურია. ჯო უილსონის ზეწოლები არავის გაათავისუფლებს. ეუთომ პირველად თქვა, არჩევნებზე გაყალბება იყოო. რამდენი წელი დასჭირდა? – ორწელიწადნახევარი. ეს დრო დასჭირდათ, რომ მიმხვდარიყვნენ, გაყალბება იყო? – მათ დამკვირვებლებს შენიშვნები ჰქონდათ, მაგრამ უარესს გაჩვენებთ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე. რაც მთავარია, მათი მხრიდან ითქვა, რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები იყო და ჩატარებულად ითვლება. თურმე ახლა გონება გაუნათდათ და რაღაც გაყალბებები ყოფილა. აქედანაც ჩანს, რომ რეზოლუციები ცრუ ნარატივებზეა აგებული, მას ყურადღებას არ ვაქცევთ და აღარც მივაქცევთ. ჩვენი რადიკალები არაფრის გამკეთებლები არიან და მათი ნატვრაა, იქნებ, უცხოელმა ბიძიებმა ხელისუფლება დაუმხონ და შემდეგ უთხრან, მართალია, თქვენ ქართველი ხალხი მხარს არ გიჭერთ და არაფრის გაკეთება იცით, მაგრამ მობრძანდით, დაბრძანდითო“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.