გია ხელაშვილი: როგორ უნდა გჯეროდეს, რომ დრონებით შეიძლება რუსეთის დამარცხება?!
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით მასირებული სარაკეტო შეტევა დაიწყო. მონიტორინგის არხების ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის გემებმა უკრაინის მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. გარდა ამისა, უკრაინისკენ, „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად მიემართება „ცირკონის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებიც. რა ხდება უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, აიღეს თუ არა რუსებმა კონსტანტინოვკა, რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით და რამდენად აქვს ზელენსკის გამარჯვების შანსი, ამ თემებზე საუბრობს ისტორიკოსი გია ხელაშვილი გაზეთ „აჭარასთან“ ინტერვიუში.
– ბატონო გია, თქვენ ყურადღებით ადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მაინც რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?
– დიახ, ვრცელდება ცნობები, რომ აფრენილია Tu-95MS და Tu-160 სტრატეგიული ბომბდამშენებიც, რომლებიც, როგორც წესი, Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებლები არიან. უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებულია ოფიციალური უწყებები მოსახლეობას მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით თავშესაფრებს შეაფარონ თავი. ძირითადი სამიზნე კიევია, სადაც უკვე ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა, უმძიმესი ღამეები ელოდება უკრაინას, სრული სიგიჟე იყო, რუსეთის მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, ზელენსკის რეჟიმის მხრიდან პეტერბურგზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აღარ იქნება დანდობა კრემლისგან.
– „რუსეთს სურს მეტი ბოროტება ჩაიდინოს, ადამიანები დახოცოს. გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს“ – ზელენსკის მიერ გავრცელებულმა ამ მიმართვამ ააფორიაქა მსოფლიო. . . რას ფიქრობთ აღნიშნულ განცხადებაზე?
– მე ვერ გიშველით, თავს გაუფრთხილდითო, თქვა, სხვა რა უნდა ეთქვა, თავად მიიყვანა პროცესები ამ მომენტამდე… ალბათ უყურებთ ტელერეპორტაჟებს, მანქანების ასკილომეტრიანი რიგები დგას პოლონეთის საზღვარზე, უკრაინელები გარბიან სამშობლოდან. არადა, ზელენსკი ხომ გააფრთხილეს, რომ თუ კიდევ მოხდებოდა რუსეთზე დრონებით შეტევა, პასუხი იქნებოდა ბევრად უფრო სასტიკი, მასშტაბური და გამანადგურებელი, ვიდრე 2 ივლისს. ამაზე პირადად პუტინი ლაპარაკობდა ხმამაღლა. ყველამ გავიგეთ და კიევმა რა ვერ გაიგო, ისევ დაარტყა პეტერბურგის პორტს, სავარაუდოდ – ბალტიისპირეთის ან ფინეთის საჰაერო სივრცის გამოყენებით. აქვე, რომ არ ვთქვა, ვერ მოვისვენებ, გამაოგნა ჩვენი „ლიბერალების“ სასიხარულო ჟივილ-ხივილმა. როგორ გინდა დაიჯერო, რომ ამათ უკრაინა უყვართ, რა დიდი ტვინი სჭირდება იმის ცოდნას, რომ ამ ერთი დრონის გამო არაფერს დატოვებს უკრაინისგან რუსეთი. ისიც ითქვა, რომ უახლოეს საათებში, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენებით, საშინელებას დაატეხენ კიევს და რატომ? იმიტომ, რომ ასეთია მარიონეტისთვის დასავლეთიდან მიღებული ბრძანება. უკრაინელები არავის ადარდებს, ზელენსკის კი თავს ზემოთ ძალა არა აქვს, ასე უნდა გაეკეთებინა და გააკეთა… როგორ უნდა დაიჯერო, რომ შესაძლებელია რუსეთის დამარცხება უპილოტო საფრენი აპარატებით. საოცრება კი ისაა, რომ ლოცვასავით სჯერათ ამის ჩვენს ევროუტვინოებსაც და, მგონი, გაშავებულ ევროპასაც… რაც უკრაინას დამართეს, სულ მალე იგივეს იწვნევს ევროპა თავის თავზე და ძალიან მაინტერესებს, გაბედავენ თუ არა, უპასუხონ რუსეთის სარაკეტო დარტყმებს. თუ გაბედავენ, ამას აუცილებლად მოჰყვება ევროპის კონტინენტის ბირთვული იარაღით მიწის პირისგან აღგვა!
– თუ შეიძლება, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
– რუსეთმა ოფიციალურად ჩამოთვალა პირველი სამი სამიზნე – გერმანია, პოლონეთი და რუმინეთი, რადგან ნატოს ამ სამი ქვეყნიდან ხორციელდება უკრაინის პროქსი-ომის ლოგისტიკა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამერიკის შიშით რუსეთი ვერ გაბედავს მათზე დარტყმას, მწარედ ცდება, გაბედავს და თანაც როგორ, ევროპა უკრაინა არ არის, აგერ მე და აგერ თქვენ, ქვას ქვაზე არ დატოვებს რუსეთი მისგან. ორი ატომური ქვეყნის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის, ბედი იქნება კიდევ საინტერესო…
– კონსტანტინოვკა თუ მართლა დაეცა, მაშინ ზელენსკი როგორ ეპატიჟება პუტინს იქ მოსალაპარაკებლად?
– ეს უკრაინის პრეზიდენტის, რბილად რომ ვთქვათ, ხუმრობაა. ამით ვითომ კრემლი გაამასხარავა, თუმცა ვისაც აქვს საქმე სამასხარაოდ, კარგად ჩანს. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია ებრაელი პოლიტოლოგ იაკობ კედმის გვერდზე გავრცელდა… სინამდვილეში, საქმე ძალიან რთულად არის. კერძოდ, ჯერ კიდევ 6 ივლისს რუსეთი უკრაინას სთავაზობდა კონსტანტინოვკის დაბომბვის შეწყვეტას მოსკოვის დროით 12:00-დან 18:00 საათამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადასაცემად (ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა).
– ანუ კონსტანტინოვკა რუსებმა დაიპყრეს?
– ჩემ მიერ გადამოწმებული ყველა წყაროს, მათ შორის ყველაზე სანდო რუსი „ვოენკორის“ იური პოდოლიაკას ინფორმაციითაც, ქალაქ კონსტანტინოვკას რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ჯონ ვაროლის განცხადებით, „რუსების მიერ კონსტანტინოვკის აღება უსერიოზულესი დარტყმაა როგორც პენტაგონის, ასევე ნატოსთვის. რუსებმა გაათავისუფლეს ქალაქი, რომელსაც აკონტროლებდა ნატო. ეს არის კოლოსალური ფსიქოლოგიური დარტყმა… ეს არის კონფლიქტი ნატოსთან, ეს არის კონფლიქტი აშშ-თან. უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია“. აი, ეს არის არა რაღაც აკვიატებული რუსული ნარატივი, არამედ მოვლენების ობიქტური შეფასება და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. ამ დღეებში დიმიტრი პესკოვმაც პირველად უწოდა СВО-ს ომი და თქვა, რომ კიევის რეჟიმის უკან დგას ბერლინი, ლონდონი, პარიზი, ვარშავა, ოსლო… მთელი ევროპა და, პირველ რიგში, ვაშინგტონი. აი, ამათთან გვაქვსო ომი და, ფაქტობრივად, მიანიშნა, რომ რუსეთმა შეიძლება სპეციალური სამხედრო ოპერაცია სამამულო ომად გადააკეთოს, რასაც დიდი ხანია ითხოვენ პუტინისგან ომის მომხრე „ქორები“ მოსკოვში. კონსტანტინოვკის აღებას ადასტურებს პუტინის და რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვიც, ჩემი მხრიდან კი, მიღებული ინფორმაციების გაანალიზებით, შევეცდები აღვადგინო, რა მოხდა იქ სინამდვილეში. დონბასის უდიდესი სატრანსპორტო კვანძი და ინდუსტრიული ქალაქი, რომლის გამაგრებაშიც ნატომ მილიარდები ჩაყარა, ნამდვილად დაეცა. ინტერნეტში ვრცელდება ასობით კადრი ქალაქიდან, სადაც გარკვევით ჩანს, როგორ აფრიალებენ შენობებზე დროშებს რუსი ჯარისკაცები… ბრძოლები დრუჟკოვკაში და ნიკოლაევკაში მიდის, რომლებიც კრამატორსკის და სლავიანსკის გარეუბნებია. სწორედ კონსტანტინოვკა იყო დონბასის ამ ბოლო დიდი საქალაქო აგლომერაციების გასაღები. სახეზეა სრული კატასტროფა, ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი თითქოს ტრამპს ატყუებს, როცა ქალაქის აღებაზე ლაპარაკობს, თითქოს ამერიკელებს არ შეეძლოთ კოსმოსური დაზვერვის საშუალებით იმის გაგება, თუ რეალურად რა მოხდა.
– რაში სჭირდება ევროპას უკრაინის წაქეზება. როგორც თქვენ ამტკიცებთ, ზელენსკი სწორედ ევროპელების ზურგით ახორციელებს დრონებით თავდასხმებს…
– უკრაინიდან რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონებით გახშირებულ თავდასხმებს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – აშშ და ევროპა ამას აკეთებენ იმ იმედით, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან სასურველი პირობებით დასვან, თუმცა ამ სვლამ მათთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით, რუსეთმა, ფაქტობრივად, გააათმაგა უკრაინაზე და, პირველ რიგში, კიევზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა. ამასთან, უკრაინის ლიდერები, ზელენსკი და თავდაცვის მინისტრი ფედოროვი აღიარებენ, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საშუალებები აღარ აქვთ და დაჟინებით ითხოვენ, მოკავშირეებმა საკუთარი მწირი მარაგებიდან მისცენ „პეტრიოტის“ ტიპის ანტირაკეტები, რადგან უკვე აბსოლუტურად დაუცველი გახდა უკრაინის საჰაერო სივრცე. ვერც 2 ივლისის ღამეს და ვერც 5-ში უკრაინის (რეალურად ევროპულ-ამერიკულმა) ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო. რას იზამენ უკრაინის ნატოელი მოკავშირეები, რთული სათქმელია. აშშ-ს ისედაც შემცირებული ჩამჭრელი რაკეტები ისრაელის დასაცავად სჭირდება. არა მგონია, პოლონეთმა და გერმანიამ გადასცენ, ორივე მათგანი შიშობს, რომ შეიძლება თავად გახდნენ რუსეთის სარაკეტო დარტყმის ობიექტები და ამიტომ მეეჭვება, უკრაინას შესწირონ საკუთარი უსაფრთხოება.
– „ისინი ხამენეის დაკრძალვაზე არიან, ერთი გასროლა და ყველას გავანადგურებთ, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მაშინ მოსალაპარაკებელი აღარავინ გვეყოლება“, – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში. ეს ისევ ხომ არ დაძაბავს ირანთან კონფლიქტს?
– არა კიარადა, ვერ გააკეთებდა, რადგან მასზე დაკისრებული მოვალეობა ისრაელის გადარჩენა იყო, ეგ დააკისრეს ბარუხებმა და როტშილდებმა. სხვათა შორის, მის კაბინეტში ითქვა, რომ ებრაელების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანარჩენების. ტრამპმა არ დაიჯერა ხამენეის მკვლელობის გამო ხალხის ცრემლები, ყალბიაო… გაკვირვებული იყო ირანის უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე ირანელების ტირილით, რადგან ის დარწმუნებული იყო, რომ ხალხს ხამენეი ეზიზღებოდა. დიახ, ტრამპის ყველა სიტყვით გამოსვლა ძაბავს აშშ-ირანის ურთიერთობებს და ეჭვქვეშ აყენებს ამ რეგიონში სამშვიდობო შეთანხმებებს. კიდევ კარგი, რომ ვითარებას არა ის, არამედ ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ, თორემ გახსოვთ, უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემა რომ სცადა? მაშინ პუტინმა დაურეკა და აუხსნა, რომ „ტომაჰავკი“ არის ბირთვული ქობინის მატარებელი და შეიძლება, ის ჩვენმა ანტიბირთვულმა სისტემამ რუსეთზე ბირთვულ თავდასხმად მიიღოსო… და ახლა შენ იცი, გინდა გადაეცი, გინდა არაო და მაშინვე უკან დაიხია ტრამპმა. მოკლედ, არც ისეთი გიჟია, როგორც თავს გვაჩვენებს…
– პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სატელეფონო საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საიდან გახდა ეს ფაქტი ცნობილი?
– პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა გაავრცელა. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც ხედავთ, „ესენი“ თან ომობენ, თან მოკითხვებს და მილოცვებს არ აკლებენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ პუტინმაც შეახსენა ტრამპს ამერიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და ერთიანობის შენარჩუნებაში რუსეთის როლი. საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. უშაკოვის განცხადებით, პუტინმა „ბრძოლის ველზე არსებული რეალური სურათი აღწერა“ და აღნიშნა, რომ რუსული ჯარები შეხების ხაზის მთელ სიგრძეზე წინ მიიწევენ. პუტინმა, ასევე, ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა – „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით. უშაკოვის თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარებაში შუამავლობის მცდელობებს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ. კრემლის მტკიცებით, ტრამპმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის „კოლოსალურ პერსპექტივებს“, რომლებიც შესაძლოა უკრაინასთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაიხსნას. გარდა ამისა, პრეზიდენტებმა რუსეთისა და აშშ-ის „საერთო ისტორიულ ფურცლებზეც“ ისაუბრეს, გაიხსენეს მოსკოვისა და ვაშინგტონის მოკავშირეობა მეორე მსოფლიო ომში. პუტინმა ტრამპთან საუბარში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დეესკალაციას ირანის გარშემო. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ 4 ივლისს პუტინსა და ტრამპს შორის გამართული საუბრის ინიციატორი აშშ იყო, რაც უშაკოვის აზრით, „ბევრ რამეზე მეტყველებს“.
– მოდით, ისევ უკრაინას დავუბრუნდეთ, მის სხვა ლოკაციებზე რა ვითარებაა?
– ძალიან მძიმე: რუსები ალყაში აქცევენ ზაპოროჟიეს, აფართოებენ პლაცდარმს დნეპროპეტროვსკში, ხოლო ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებში, ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, სრულად დაიკავეს რუსეთ-უკრაინის სასაზღვრო პერიმეტრი უკრაინის სიღრმეში და ქალაქ სუმიდან მხოლოდ ათი კილომეტრი აშორებთ. ასეთია ფრონტზე მდგომარეობა ამ დროისთვის.
– რაც შეეხება ახლახან პეტერბურგის ნავთობტერმინალზე უკრაინული დრონებით დარტყმას?
– ამაზე რუსეთმა განაცხადა, რომ პასუხი იქნება მასშტაბური და ორი ივლისის დარტყმაზე სასტიკი. გეტყვით იმასაც, რომ კიევში იმ ღამეს ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს განადგურებით რუსეთმაც გადაკვეთა აშშ-ნატოს წითელი ხაზი. სხვადასხვა მონაცემით, ასამდე ნატოს ოფიცერი და გენერალია დაღუპული (მათ შორის – ორი ამერიკელი გენერალიც, რომლებიც სამხედრო ოპერაციებს მართავდნენ. ამ ობიექტებს რუსები ადრე არ ეხებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცოდნენ, ამ სასტუმროებში ნატოს საკოორდინაციო ფარული შტაბები მდებარეობდა), რაზეც უკრაინელები და ამერიკელები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. აღნიშნული ინფორმაცია რუსული წყაროებით აქტიურად ვრცელდება.
– ბევრს სჯერა, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს და იქით უტევს რუსეთს, რაც აუცილებლად მოუტანს სრულ გამარჯვებას.
– ან ახლა როგორ უნდა გჯეროდეს, რომ დრონებით შეიძლება რუსეთის დამარცხება, ან 2022 წელს როგორ უნდა დაგეჯერებინა, რომ უკრაინას ამერიკის და ევროპის კი არადა, თუნდაც მილიარდნახევრიანი ჩინეთის დახმარებითაც კი, მსოფლიოში უძლიერესი თერმობირთვული სამხედრო მანქანისთვის ომი უნდა მოეგო… თუ ეს გჯერა, ან „ნაცი“ ხარ, ან გონებაჩლუნგი… უსაფრთხოების აღიარებულ ექსპერტს, რუსეთის ბირთვული დოქტრინის თანაავტორ სერგეი კარაგანოვს ალბათ ყველამ უსმინეთ, საშინელება თქვა, თუ რას უპირებენ უახლოეს ხანში ლგბტ ევროპას (დაასახელა ბირთვული დარტყმის პირველი სამიზნე ქვეყნები – გერმანია, პოლონეთი და რუმინეთი). ვნახოთ, აბა, ამოქმედდება თუ არა ნატოს მე-5 მუხლი და ირანთან ომწაგებული აშშ, ამ ყველაფრის შემდეგ, სტრატეგიული ბირთვული და სარაკეტო პოტენციალით მასზე ძლიერ რუსეთს ატომით როგორ დაარტყამს, ერთად ვუყუროთ, ექსტრავაგანტული ტრამპიც კი ვერ წავა ასეთ რისკზე!
ირმა ცეცხლაძე