სტაჟირებაზე – პოლონეთში
ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ (ბათუმის მასწავლებლის სახლი) საჯარო სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა დისციპლინების მასწავლებლებისთვის ახორციელებს სტაჟირების კონკურსს პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქალაქი ვროცლავი).
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს ვიზიტის პერიოდში საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრი, შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაესწრონ სემინარს საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ზოგად მეთოდიკაში, ასევე, სემინარებს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდიკაში, გაეცნონ გაკვეთილის დაგეგმვას საგნებში, გაკვეთილებზე ტექნოლოგიების გამოყენებას. ისინი პოლონურ სკოლაში დაესწრებიან გაკვეთილებს, შეხვდებიან სასკოლო კლუბის წევრებს და მასწავლებლებს.
ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად, უკვე ჩატარდა საზოგადოებრივი მიმართულების საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება. მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდა იმ 22 კანდიდატს, რომლებმაც გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. გამარჯვებულები უცხოეთში (ვროცლავი) სტაჟირებაზე გაემგზავრებოდნენ.
საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ სულიკო თებიძე, ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდის“ დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე დარინა მსხალაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ედუარდ მიქელაძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები ლუიზა რევიშვილი, ინგა მოსიძე, კახაბერ ჩაკვეტაძე, ნინო ტავლალაშვილი.
კონკურსის მეორე ეტაპზე სამ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები. სამოქალაქო განათლებაში: ამირან ხიმშიაშვილი (შუახევი, დაბაძველის საჯარო სკოლა), თედო ტაკიძე (ქობულეთი, ჩაქვის პირველი საჯარო სკოლა), მაკა ხინთიბიძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა).
ისტორიაში: ლევან დუმბაძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა), ლია ტაკიძე, (სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლა), მარინე ხაბაზი
(ქობულეთი, ოჩხამურის საჯარო სკოლა).
ნანა წულუკიძე (ბათუმის მე-15 საჯარო სკოლა), სულხან შაქარიშვილი – (ქობულეთი, პირველი საჯარო სკოლა).
გეოგრაფიაში: ლია ტოტოჩავა-შველიძე (ბათუმის პირველი საჯარო სკოლა). სტაჟირებას სრულად დააფინანსებენ აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო და ქვემო სილეზიის მთავრობა.
ოთარ ცინარიძე