ლელა ვაშაყმაძე
By

ლელა ვაშაყმაძე

გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი ლელა ვაშაყმაძე.

დაამთავრა ბათუმის  ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება (პედაგოგი – ქეთევან მანელიშვილი), პარალელურად მუშაობდა აჭარის სახელმწიფო კაპელაში გუნდის მომღერლად. იგი ასევე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკდემიური სიმღერის ფაკულტეტის (პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი – ბაკალავრიატი) და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის (აკადემიური  სიმღერის მიმართულებით) მაგისტრის ხარისხი (ასოცირებული პროფესორის მარიამ ჯახუტაშვილის კლასი) კურსდამთავრებულია, პარალელურად, მიიწვიეს ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სკოლა-თერთმეტწლედში ილუსტრატორად.

მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: იყო გორის ქალთა კამერული გუნდის მომღერალი, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდის სოლისტი, მონაწილეობდა ბათუმის მუსიკალური ცენტრის პროექტში „დებიუტი“.

1918 წლიდან ბათუმის მუსიკალური ცენტრის  სოლისტი გახლდათ და აქტიურად იყო ჩართული  ცენტრის მიერ განხორციელებულ  სხვადასხვა კონცერტსა და პროექტში.

ლელა ვაშაყმაძეს ბათუმის სახელმწიფო  მუსიკალური ცენტრის სცენაზე შესრულებული აქვს არაერთი დასამახსოვრებელი პარტია, მათ შორის: მოცარტის ოპერაში  „ბასტიენ და ბასტიენა“  – ბასტიენას არია, „ჯადოსნურ ფლეიტაში“ – პამინა, სამი ქალი, ლეონკავალოს „ჯამბაზებში“ – ნედდა, მასკანის „სოფლის ღირსებაში“ – ლოლა, პუჩინის „ბოჰემაში“ – მიმი, ლაღიძის „ლელაში“ – ლელა…

მუსიკალური ცენტრისთვის უმძიმესია უთბილესი მეგობრისა და ძვირფასი კოლეგის დაკარგვა. ქალბატონი ლელა ყოველთვის გამოირჩეოდა უმაღლესი დონის საშემსრულებლო ოსტატობით, პროფესიონალიზმით, სამაგალითო პიროვნული თვისებებითა და მუსიკისადმი ერთგულებით. მისი წასვლა შემოქმედებითი გუნდისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

… ძალიან დაგვწყვიტე გული, ძალიან დაგვენანე… 13 ივნისს მუსიკალური ცენტრის სცენაზე ბოლოჯერ გიხილა ბათუმელმა მსმენელმა, როგორც ყოველთვის დაგვატკბე შენი ხმით…. შაბათი დღე იყო. ორშაბათს გადასხმებისთვის საავადმყოფოში მოგათავსეს… ერთი თვეც არ გასულა…

ნათელი დაუმკვიდროს უფალმა ლელას სულს…

ძალიან დააკლდები მუსიკალურ საზოგადოებას, მთლიანად ბათუმს.

აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ უდიდესი დანაკარგის გამო.

აჭარის კულტურის სამინისტრო,

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

  • No Comments
  • ივლისი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *