არჩილ გორდულაძე ეუთოს რეზოლუციაზე: დოკუმენტი თავად ეუთო/ოდირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება
By

არჩილ გორდულაძე ეუთოს რეზოლუციაზე: დოკუმენტი თავად ეუთო/ოდირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციაში“ საქართველოს შესახებ ჩანაწერებს მმართველ გუნდში მწვავე შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ მიღებული რეზოლუცია ორმაგ სტანდარტებს ეფუძნება და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილში საქართველოს მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მიდგომის მაგალითს წარმოადგენს. აღნიშნულ თემაზე არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.

„ეს რეზოლუციები დაახლოებით ისეთი ამბავია, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. მაგალითად, 30-იან და 40-იან წლებში, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდისტული მანქანის შემქმნელი გებელსი ამბობდა, ტყუილი უნდა გაიმეორო ათასჯერ, შემდეგ ამ ტყუილს შენ თვითონაც იჯერებ და შემდეგ ხალხის დაჯერებასაც ცდილობ. ასეთ რეჟიმში ვართ, რომ ჯერ უნდა გაჩნდეს რაღაც ინფორმაცია, რომელიც ხშირად ასეთი სქემით კეთდება – გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გააჟღერებენ, ვითომ მიაწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ ბიუროკრატიას აბსოლუტურ ტყუილებს, დაასმენენ საქართველოს და შეეცდებიან, გააშავონ საქართველოს რეპუტაცია, შემდეგ ამ ყველაფერს დაეყრდნობა კონკრეტული ორგანიზაცია ან კონკრეტული პირი რეზოლუციის პროექტის მომზადების სახით და შემდეგ ამ მიღებულ რეზოლუციას ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და გარე მმართველობას დამორჩილებული პოლიტიკური პარტიები ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ. ასეთი არის, მაგალითად, სულ ბოლო ხანებში მიღებული ეუთოს რეზოლუციაც და რამდენიმე იყო კიდევ, ევროპარლამენტისაც და ევროსაბჭოსიც“, – განაცხადა გორდულაძემ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდა ვნახოთ, ვინ არის მისი ავტორი და ვინ დაწერა.
„ჯო უილსონი, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მეგობარი, რომელიც დროს არ ტოვებს, რომ საქართველოს შესახებ არ იფიქროს და მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოზეა კონცენტრირებული, ამის დაჯერება ვინმეს შეუძლია?“ – განაცხადა მან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინეს ასამბლეის წევრებმა ქართული დელეგაციის მცდელობა, საერთოდ უარი ეთქვათ ამ რეზოლუციის მიღებაზე, გორდულაძემ უპასუხა, რომ ეს ძალიან მარტივია.
„შემდეგ რატომაც მიდიოდნენ ბატონ მახაშვილთან, სამხარაძესთან, ბითაძესთან და ბოდიშებს უხდიდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაო. ისინი თავისუფალი არ არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში, ხმას როდესაც და რასაც აძლევენ, რეალურად, ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ასეთია პოლიტიკური მდგომარეობა და პოლიტიკური მიმართება საქართველოს მიმართ. მაგალითისთვის, ეუთოს რეზოლუცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის სტანდარტებსვე“, – განაცხადა გორდულაძემ.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც დატოვოს ქართულმა დელეგაციამ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთ მსჯელობას არ დასწრებია.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ერთადერთი წყარო არსებობს ამ ქვეყანაში ხელისუფლების და ეს არის ქართველი ხალხი, მათი არჩევანი, ქართველმა ხალხმა კი თავისი არჩევანი გააკეთა.
„ჩვენ აღებული ვალდებულებები რაც გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით, პირნათლად ვასრულებთ, გეგმაზომიერად, ეტაპობრივად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით, სასამართლო სისტემის ჩართულობით, პროკურატურის ჩართულობით და შემდეგ ეს ანგარიშები ქვეყნდება და იგზავნება კიდეც ევროკავშირში. ჩვენ ჩვენს წილ ვალდებულებას, რაც გვაქვს, პირნათლად და სრულად ვასრულებთ, მაგრამ ვინმე თუ თითს გვიქნევს და გვემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მაგალითად, გადაირჩიეთ ან არ აირჩიოთ ეს ხელისუფლება, რადგან ევროკავშირში არ მოგიყვანთო, ეს სიტყვები აქვს ნათქვამი ევროკავშირის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში, ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოებაც და ჩვენი გუნდიც ერთხმად ვეუბნებით – ასეთი რამ გამორიცხულია“, – განაცხადა გორდულაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს. საქართველოს შესახებ რეზოლუციის – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *