საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის შემადგენლობით, ქალაქ იაუნდეში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყოველწლიური სესია ასამბლეის კომიტეტების სხდომებით გაიხსნა.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში, რომლის ფარგლებშიც, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესაუბრათ საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
კომიტეტის სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი კახიანმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და მათ საქართველოში პოლიტიკური ვითარების, განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მანვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ოკუპაციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე ისაუბრა.
გიორგი კახიანმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სუვერენული უფლების პატივისცემის აუცილებლობას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები. ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზე, ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის, „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობაზე, სტაბილურობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.
გამოსვლისას დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოს წვლილზე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
გიორგი კახიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეულ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის, თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის გზით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.