„ყოველთვის ვფიქრობ, ვფხიზლობ და ვფრთხილობ…“
By

„ყოველთვის ვფიქრობ, ვფხიზლობ და ვფრთხილობ…“

საზოგადოებამ ეთერ ბერიძე გასული საუკუნის 80-იან წლებში გაიცნო. მრავალშვილიან ოჯახში დაბადებულ გოგონას ჯერ ზამლეთელი ახალგაზრდების წინამძღოლობა ანდეს, ორი წლის შემდეგ კი შუახევის რაიონის ზამლეთის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნეს. სხვათა შორის, ზამლეთში ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იყო. მალე მეცნიერების სფეროში წარმოაჩინა თავი. სწორედ აქ გადაიკვეთა ეთერისა და ზურაბ მელიქიშვილის გზები. ოჯახი, შვილები, სამეცნიერო სარბიელი, ბიზნესი, მრავალწევრიანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა – წლებია ასე მოდის. ეთერ ბერიძე ჩვენი სტუმარია.

– ქალბატონო ეთერ, ფატი მიქელაძისა და ლევან ბერიძის ოჯახში 11 დედმამიშვილი გაიზარდეთ. იმ წლებიდან განსაკუთრებულად რას გაიხსენებდით?

– და-ძმების ერთმანეთისადმი თანადგომა, რასაც ყველა წარმატების საფუძვლად მივიჩნევ. დედას, რომლის რჩევებითაც დღემდე ვსაზრდოობ… მამას, ჩუმსა და მოსიყვარულეს, გადაშლილი გაზეთებითა და წიგნებით მაგიდასთან მჯდომს. ჩემი სიყვარული და პატივისცემა მშობლების, გვარის, სოფლის მიმართ გამოვხატე პირველ წიგნებში „ბერიძეები“, „ლევან ბერიძე 100 წლისაა“…

– მწერლისა და ეთნოგრაფის თედო სახოკიას მეგზური იყო იმ დროს ცნობილი პიროვნება, თქვენი ბაბუა ინუს ბერიძე. მის შესახებ რას გვეტყვით?

– ბაბუა არ იყო ერთი სოფლის, ერთი ხეობის მოამაგე, ის იმ დროს გამოვიდა საზოგადოებრივ სარბიელზე, როცა აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა. თედო სახოკია მას დადებით პიროვნებად იგონებს, ისიც ფაქტია, რომ ეთნოგრაფმა ყველაფერი ობიექტურად აღწერა. ბაბუის აგებულმა სახლმაც დროთა ქარტეხილებს გაუძლო და დღეს რეგიონის ტურისტულ ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი. მას ჩემი ძმა ამირანი პატრონობს. სიხარულით მივდივარ იმ ეზოში, რომელიც გარდასული წლების უტყუარი მოწმეა.

– მშობლიური სოფლის სკოლა ლევან ბერიძის სახელს ატარებს. ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ?

– ვაფასებ მოსახლეობისა და პედაგოგთა გუნდის, რაიონის მაშინდელ ხელმძღვანელთა ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომ ფურტიოს საშუალო სკოლას მინიჭებოდა მამაჩემის, ცნობილი პედაგოგისა და დირექტორის ლევან ბერიძის სახელი. რეგიონის ახლანდელი ლიდერი, ბატონი ზურაბ პატარაძე, მაშინაც ამ თანამდებობას იკავებდა. საზეიმო ცერემონიის დღეს ოჯახშიც გვესტუმრა. მან და ჩემმა ძმამ ზურაბმა, რომელიც რამდენიმე წელს დიპლომატიურ სამუშაოზე იყო, საერთო ენა მალე გამონახეს. ზურაბმა „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის“ ის ტომი აჩვენა, რომელშიც ჩვენს დიდ ოჯახზე ინფორმაციაა შეტანილი.

– იმ ქართველ მეცნიერთა რიგებში ხართ, რომლებიც იმერხევის ისტორიას წერენ. რა გამოხმაურება ჰქონდა თქვენი ავტორობით გამოცემულ წიგნს „ნიგალი“?

– „ნიგალი“ არაერთი ცნობილი მეცნიერის განხილვის საგნად იქცა, რეცენზიები დაიწერა ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლინგვისტურ-ტოპონიმიკურ-ისტორიულ-ეთნოგრაფიული ასპექტები არაერთი სტუდენტისა და მეცნიერის მიერ სამეცნიერო კონფერენციებზე დადებითად შეფასდა.

– გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე წიგნის ავტორი ხართ.

– ვინც წიგნს წერს, მან მისი ფასიც იცის. ჩემი ავტორობით გამოცემული წიგნების გარდა მწვანე შუქი ავუნთე 1913 წელს ზაქარია ჭიჭინაძის ავტორობით გამოცემულ წიგნს. ეს აჭარის წარსულის დიდი მატიანეა. ხელმეორედ გამოიცა რიტორიკის სახელმძღვანელო, რომლის რამდენიმე თავის ავტორი გახლავართ. ახალ წიგნზე ვმუშაობ და პირველ რეცენზიას მკითხველი თქვენი გაზეთით იხილავს. ამ გაზეთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ასე დავრჩები ბოლომდე.

– უკვე იშვიათობა აღარაა ბიზნესში ქალბატონების ჩართულობა. რამ განაპირობა, რომ წარმატებულმა მეცნიერმა 30 წლის წინ ეს სფერო აირჩიეთ?

– ეს დრომ და ცხოვრებისეულმა გარემოებებმა მიკარნახა. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როცა მადლობას მიხდიან ის ადამიანები, რომლებმაც „შრომის წიგნაკი“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელში“ გახსნეს. ახლაც 160-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. 2025 და 2026 წლები ჩემს ცხოვრებაში მნიშნელოვანია. 2025 წელს „ბერმელს“ 25 წლის საიუბილეო თარიღი ჰქონდა. ამ დროის განმავლობაში იგი საკმაოდ მყარად დამკვიდრდა ქართულ ფინანსურ ბაზარზე და თქვა თავისი სიტყვა ქართულ ფინანსურ სექტორში. 2026 წელი კი ჩემი 70 წლის საიუბილეო თარიღია. მიხარია, რომ ამ თარიღებს საკმაოდ მხნედ შევხვდი.

– ერთგული თანამეცხედრე ზურაბ მელიქიშვილი ზეციურ სამყაროს შეუერთდა. მას მრავალი წამოწყება დაუსრულებელი დარჩა. მის გზას ვინ გააგრძელებს?

– ზურაბი გულისხმიერი მეუღლე და მამა იყო. ბედნიერი ვარ ჩვენი შვილებით, რომლებიც უფროსებს, მეგობრებს, საზოგადოებას დიდ პატივს სცემენ. შრომისმოყვარეობა არ აკლიათ. ვიცი იმ საქმეების შესახებ, რომლებიც ზურაბს ჰქონდა წამოწყებული. მისი ღვაწლი განსაკუთრებით დიდია მშობლიური სოფლის ისტორიული წარსულის კვლევაში. წუთისოფელში უკვალოდ არაფერი რჩება. არიან ადამიანები, რომლებიც მის ჩანაფიქრს საქმედ აქცევენ.

– „საპატიო ზამლეთელს“ არც ქველმოქმედება გავიწყდებათ…

– სჯობს სხვამ ილაპარაკოს იმ ქველმოქმედებებზე, რასაც ვაკეთებთ მე და ჩემი 160-მდე თანამშრომელი.

– როდის ხართ მშვიდად?

– ყველაზე რთული კითხვაა… იშვიათად ან არასდროს, ყოველთვის ვფიქრობ, ვფხიზლობ და ვფრთხილობ…

– რა სურვილები გაქვთ?

– პირველ რიგში, მშვიდობას ვისურვებ ქვეყანაში, ეს ყველაზე მთავარია, შემდეგ – ნაკლები ქართველი ტოვებდეს სამშობლოს… რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვისურვებ „ბერმელი“ გახდეს უკვდავი და არა მარტო კომერციული საქმიანობით, არამედ გადაეწყვიტოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *