პრემიერი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია აბსურდულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ იგი აბსურდულია.
„არსებობს ცნობილი გამონათქვამი – „რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე მეტს ამბობს, ვიდრე პავლეზე“. ეს გამონათქვამი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სთეითის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.