ქართველი მომღერლების წარმატება – ესპანეთში
ესპანეთის ცნობილ კურორტ კომარუგაში, ტარაგონადან 30 კილომეტრში (ესეც საკურორტო ქალაქია) არაერთი წელია საერთაშორისო ვოკალური ფესტივალი „აირე ნუევო“ („ახალი ქარი“) ტარდება. წელს ფესტივალი საიუბილეო იყო – მისი დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. მასში 40-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველოს ორი წარმომადგენელი იყო – 29 წლის ბათუმელი ლონდა გეგელიძე და 10 წლის თბილისელი ანასტასია თხელიძე.
როგორც მუსიკოსმა და კომპოზიტორმა გიული კუბლაშვილმა გვითხრა, საქართველოსთან მუსიკალურ ფესტივალში მხოლოდ ეს ორი გოგონა მონაწილეობდა.
– აღსანიშნავია, რომ ლონდა გეგელიძემ პირველი ადგილი აიღო, ხოლო ანასტასია თხელიძემ, თავის კატეგორიაში – მეორე. ფესტივალი ხუთ დღეს მიმდინარეობდა და 12 ქვეყანა მონაწილეობდა. მისი ხელმძღვანელია ბერლინის ძალიან ცნობილი საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი ვიქტორ ლეისი. მე ვიყავი საერთაშორისო ჟიურის წევრი და მიხარია, რომ ჩვენი ორივე მონაწილე წარმატებულად გამოვიდა. სხვათა შორის, ანასტასია თხელიძემ დიდ კონკურენციას გაუძლო, რადგან მის კატეგორიაში 13 ბავშვი გამოდიოდა და მან დამსახურებულად მოიპოვა მეორე ადგილი. ფესტივალზე ორი სიმღერა უნდა წარედგინათ: ერთი საკუთარი ქვეყნის და ერთიც, უცხოენოვანი. ბათუმელმა გოგონამ გია ყანჩელის „შენ ერთადერთო“, მეორე -ინლისური, ხოლო ანასტასიამ ორივე ინგლისურენოვანი სიმღერა შეასრულა, – გვითხრა გიული კუბლაშვილმა.
ვიქტორ ლეისი ქალბატონმა გიულიმ ბერლინის საერთაშორისო ვოკალურ ფესტივალზე გაიცნო და მან ჟიურის წევრობა ბათუმელ კომპოზიტორს სწორედ იქ შესთავაზა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მას საერთაშორისო ჟიურიში იწვევენ. გიული კუბლაშვილი ზაფხულში ისევ მიემგზავრება მაკედონიაში, სადაც საერთაშორისო ჟიურის წევრადაა მიწვეული. ფესტივალი „მიუზიკ ლენდი“ 21 აგვისტოს გაიმართება, მასში 26 ქვეყანა მონაწილეობს. ამჯერად საქართველოს 16 წლის ანანო ხონელია და უფროს კატეგორიაში – ირინა გეგიძე წარადგენენ.
მანანა ძიძიშვილი