„გულების“ საერთაშორისო ფესტივალზე
შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ავთენტური და სახალხო ანსაბლები „ჭვანა“ და „ბეთლემი“ მიწვეული იყო რუმინეთში, ტიმიშოარასა და ბანატის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის 35-ე საერთაშორისო ფესტივალზე „გულები“.
ფესტივალში, რომელიც ყოველწლიურად იმართება, 16 სხვადასხვა ქვეყნის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი მონაწილეობდა. მათ თავიანთი ქვეყნების უნიკალური ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა წარმოაჩინეს.
ფესტივალი აღლუმით გაიხსნა. ქართული ანსამბლების მიერ შესრულებულმა საკონცერტო ნომრებმა პუბლიკის განსაკუთრებული ოვაცია და მოწონება დაიმსახურა.
ანსამბლები დიპლომითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ქალაქ ტიმიშოარას მერმა, შუახევის, ქედის კულტურის ცენტრების ხელმძღვანელებმა საჩუქრები გაცვალეს.
ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლების წევრები მადლობას უხდიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიებს, საქართველოს ახალგაზრდული ფესტივალების ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
შუახევის, ქედის კულტურის ცენტრების დირექტორებთან მაია დავითაძესა და ჯამბულ სურმანიძესთან ერთად რუმინეთში მიწვეული იყო შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სულიკო ბოლქვაძე, რომელსაც ვესაუბრეთ:
– 40 საათი მგზავრობის შემდეგ ჩავედით რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში. გზა ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვათვალიერებდით თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის ტერიტორიებს.
– როდიდან ირებს სათავეს ფესტივალი „გულები“?
– ქალაქ ტიმიშორაში ფეტივალი „გულები“ 1989 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება. ამჯერად 16 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველო ორი ანსამბლით იყო წარდგენილი. ფეტივალი იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული. მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ სამჯერადი კვებით, ღამის თევით, ასევე, საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ სარეპეტიციო დარბაზებით. ადგილობრივმა გიდებმა დაგვათვალიერებინეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები. ზეიმი ოთხი დღის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
– ორგანიზატორებისა და მოსახლეობის დამოკიდებულება როგორი იყო ქართველების მიმართ?
– მეგობრული. კონცერტის შემდეგ ანსამბლების წევრებს ავტოგრაფებს თხოვდნენ. გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორს, ჩავერთეთ ერთობლივ მასტერკლასებში, რამაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მათ მადლობა გადაგვიხადეს მონაწილეობისთვის. ჩვენც სიმბოლური საჩუქრები გადავეცით ფესტივალის ორგანიზატორებს, ჩვენი ანსამბლებიც დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით. ანსამბლების წევრებმა და მეც მრავალი ადგილობრივი და უცხოელი გავიცანით.
– ანსამბლების გამოსვლებმა რა შთაბეჭდილება დატოვა?
– მაყურებელი აღტაცებას ვერ ფარავდა, როცა „ბეთლემის“ მოცეკვავეები სცენაზე დაჰქროდნენ. ქუჩაშიც კი სიმღერასა და ცეკვას გვთხოვდნენ, ოვაციებით, შეძახილებით „საქართველო“, „საქართველო“ გვხვდებოდნენ. ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს და იგი ერების, ქვეყნების დაახლოებას უწყობს ხელს.
ოთარ ცინარიძე