საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო.
საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი „ბეთლემი“, რომელიც უწმინდესი პატრიარქების – ილია II-ისა და შიო III-ის ლოცვა-კურთხევით და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ინიცირებით ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენდება, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავშესაფარს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს და სკოლამდელი აღზრდის ცენტრს გააერთიანებს, სადაც ინკლუზიური სწავლების ჯგუფი იფუნქციონირებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების, ეკლესიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება.
,,ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც პროექტშია ჩართული. მადლობა მეუფეს მრავალწლიანი შრომის და სიყვარულისთვის. თქვენი ლოცვა-კურთხევითა და უშუალო ჩართულობით არაერთი თაობა აღიზარდა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც ეხება ქვეყანას და უშუალოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას; მყისიერი მიდგომები და სწრაფი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველია.
დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების, ეკლესიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობა. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ხელს უწყობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ადამიანების კეთილდღეობას ემსახურება. განსაკუთრებული მადლობა კომპანია „გუმბათს“, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უდგას გვერდით.
დარწმუნებული ვარ, ბატონ პრემიერთან ერთად, სულ მალე, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ამ სივრცეში – უკვე მისი გახსნის აღსანიშნავად და კიდევ არაერთი პროექტის განხორციელების მონაწილეები გავხდებით რეგიონში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის საძირკველი აკურთხა და სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რეგიონის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ კვირიკეში, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა.
სოფელ კვირიკეში მშენებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი 3 გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს და გიმნაზიას მოიცავს. გიმნაზიის შენობაში განთავსდება სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი ტრადიციულ რელიგიურ დისციპლინებთან ერთად, კომპიუტერულ მეცნიერებებს და სხვა დარგებს შეისწავლიან.