ექიმები – მემთეურებთან
ქედის რაიონის მერისის ხეობის მოსახლეობის ერთი ნაწილი პირუტყვის საზაფხულო საძოვრებად აჭარა-შავშეთის ქედის კალთებზე არსებულ სასადილოსა და კოსლითავის ტერიტორიებს იყენებს. მერისელებმა ეს ადგილები დასვენების კერადაც აქციეს. ამის დასტურია ის კოტეჯები, რომლებიც ბოლო დროს ამ მთებს შეემატა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სასადილოსა და კოსლითავის მთებში მყოფი მემთეურებისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია ჩატარდა.
მოიალაღეებს, უფასო კონსულტაციები და კვლევები ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. პაციენტებს ადგილზე გაეწიათ ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ექოსკოპიური კვლევის სპეციალისტის მომსახურება.
აქციას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის განყოფილების უფროსი ლეილა ბოლქვაძე და მერისის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი გელა ჯაბნიძე ესწრებოდნენ.
თამაზ მგზავრიძე