ირაკლი ფავლენიშვილი – არანაირი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი ფავლენიშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეეხება ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც, ხელისუფლებისვე დათვლით, მილიონამდეა.
„საპარლამენტო არჩევნები კი არა, არანაირი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომები, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება. პასიურ საარჩევნო უფლებას კი არ უზღუდავენ ამ ოთხი პარტიის წარმომადგენელს, არამედ ზღუდავენ იმ ადამიანებს, რომლებიც, მათივე დათვლით, არიან მილიონამდე, და როგორც წინა არჩევნებზე ჩანდა, აძლევენ ხმას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას. დემოკრატიის ნიშანწყალიც კი აღარ იქნება ამ ქვეყანაში, საბოლოოდ იქნება დაკანონებული ავტორიტარიზმი. ეს იქნება წითელი ხაზი, მათ შორის, დასავლეთისთვის და არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი აღარ იქნება არცერთ საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.