კახა კალაძე – დონალდ ტრამპის წერილზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს ძალა, მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.
„აღნიშნულ წერილს ვაფასებთ პოზიტიურად. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩვენთვის ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს სანქციები, რომლებიც დაწესდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ამ სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. უბრალოდ, ეს იყო შანტაჟისა და მუქარისთვის გაკეთებული. დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ვფიქრობ, შესწევს ძალა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც იყო ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძალიან მარტივად შეცვალოს. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნისა და ორივე ხალხის, როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.