რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს
By

რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად ქვემო სილეზიის მარშალს პაველ განცაჟს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დინამიკა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი წარმატებული ევროპელი პარტნიორის მხარდაჭერას, როგორიც პოლონეთის რესპუბლიკაა.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე აჭარის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სისტემატურად მონაწილეობს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რაც რეგიონის ცნობადობის ზრდასა და პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას უწყობს ხელს.

შეხვედრის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყებების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებასა და რეგიონებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, მინისტრების მოადგილეები, პოლონეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი რევაზ საყვარელიძე, აჭარის მთავრობისა და ქვემო სილეზიის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *