ამჯერად – თაგინურელ მემთეურებთან
აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში მემთეურთა ჯანმრთელობის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი სამედიცინო აქცია თაგინურის მთაში გაიმართა. აქ მყოფ მემთეურებსა და მათ მხლებლებს სხვადასხვა პროფილის ექიმების უფასო კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდათ.

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას ემსახურება მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს კონსულტაციებს, დიაგნოსტიკურ კვლევებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიწოდებას.
– პროგრამა „აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევა“ უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. წელს პროგრამის ფარგლებში მთიან აჭარაში დაგეგმილია 18 გასვლითი სამედიცინო ვიზიტი, რომელთა განხორციელებას ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს, – გვითხრა ნონა ეფაძემ.
პროგრამის მიმდინარეობას თაგინურში იმყოფებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე და შუახევის თვითმმართველობის წარმომადგენლები.
თამაზ მგზავრიძე