მისი შთაგონება სამშობლოა, მისი ტკივილი – მრავალჭირგამოვლილი აჭარა
საინტერესო ბიოგრაფია აქვს ხელოვანსა და პოეტს აკაკი სურმანიძეს. მისი მშობლები შუახევის რაიონის საზღვრისპირა სოფელ დარჩიძეებიდან 60 წლის წინ ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში დამკვიდრდნენ. აკაკი სკოლაში სწავლის წლებიდანვე მხატვრულ ღონისძიებებში იყო ჩართული, დამთავრებული აქვს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მუშაობდა მასწავლებლად ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში. ახლა აჭარის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კაპელის მომღერალ-მსახიობია, ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლის წევრია.
2008 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული „მზეს მიგებებული“, რომლის წარდგინებას ფრიდონ ხალვაში უძღვებოდა. აკაკის ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ცისკარი“, „ლიტერატურული აჭარა“, „ჭოროხი“, ბათუმსა და ქუთაისში გამომავალ ქართულ გაზეთებში, ასევე, პოეტურ ანთოლოგიაში „ლექსო, არ დაიკარგები“.
წელს მკითხველმა მიიღო აკაკი სურმანიძის ახალი წიგნი „მუზის მობრუნება“. ავტორის პოეტური ხმა ორგანულად ეწერება ქართული ლირიკის იმ ხაზში, რომელიც ინარჩუნებს ეროვნული პოეტური ტრადიციების იერს, არ ასვენებს პოეტის მთრთოლვარე სულს. მისი შთაგონება სამშობლოა – სრულიად საქართველო, მისი უსაშველო ტკივილი – მრავალჭირგამოვლილი მშობლიური აჭარა.
„საქართველოს ერთი სისხლის წვეთი ვარ,
მის ცხელ გულში გატარება მწყურია,
ქვეყნის დიდი სიყვარულიც ნიჭია,
კარგი ლექსი მისთვის სამსახურია!“- ამბობს პოეტი ლექსში „საქართველოვ, არ ყოფილხარ პატარა“.
ახალ წიგნში შესული ბევრი ლექსი გვხიბლავს ლირიზმით, შედარებებით, მეტაფორებით, რითმებით… ლექსებში ვერ შეამჩნევ სიტყვის დეკონსტრუქციას ან რიტმის განზრახ დარღვევას, იკითხება როგორც სულიერი ბიოგრაფია – ბავშვობის სივრცეები, მთიანი აჭარის სოფლები, ოჯახი, ყოფა, რომლებიც ეროვნული მეხსიერების ნაწილად გვევლინება.
აკაკი სურმანიძის ლექსების ხიბლი აზრის სიცხადე, უშუალობა, გულწრფელობა და სისადავეა. რამდენჯერაც უნდა წაიკითხო ლექსი „ჩემი ყრმობის დედულეთი“, ყოველთვის ტკბილად მოსაგონარი, ბავშვობისდროინდელი განცდები გეუფლება. რა უშუალოდ, რომანტიკულად ხატავს პოეტი თავის თავს – სოფლელ ბიჭს:
ო… მას შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა,
გაიყოლა ეს ჟინი და ის მილეთი,
დაგვიტოვა ბევრი ცრემლი და იარა,-
მენატრება ჩემი ყრმობის დედულეთი!“
პატრიოტიზმი, რა თქმა უნდა, მთავარი მოტივია აკაკი სურმანიძის შემოქმედებაში, მაგრამ სხვა მოტივებიც მრავლადაა. პოეტისთვის სიყვარული და ქალი მითიურია, საოცრად ამაღლებული და უფაქიზესი გრძნობების აღმძვრელი. მის არსებაში გაიგივებულია სილამაზე და ქალი:
„ლალის, ლალის, ლალებიო,
დავალ დანამთვრალებიო,
რომელ ქალზე შევაჩერო,
დასავსები თვალებიო“.
პოეტი მეორე წიგნში ყველა თემას უხდის ხარკს. იგი ეტრფის ადამიანებს – ბუნების ამ საოცარ გვირგვინს, შეჰხარის წელიწადის დროებს, ძმადნაფიცებს, მომღერალ რამინ მიქაბერიძეს. გაზაფხულს, ყვავილებით მოჩითულ ველ-მინდვრებს, დედის ბაღჩას, თოვლიან მთებს, გიჟმაჟ მდინარეებსა და ჩანჩქერებს, დაბურულ ტყეებს. ეს ყველაფერი მის არსებაშია განივთებული.
მკითხველის ყურადღებას უეჭველად მიიქცევს ლექსი „გიხაროდენ“, რომელსაც წამძღვარებული აქვს ილია მეორის სიტყვები: „აჭარამ უნდა მოაქციოს სრულიად საქართველო!“
„განვლიეთ დრონი,
კენტი და ლუწი,
ქართლოსის ჯიში
ყოვლად ეწვალა.
აწ გიხაროდენ,
ცული და კუნძი,
კვლავაც ემბაზმა
რადგან შეცვალა.
პოეტი პატიოსნად მოდის წუთისოფელში. იგი უკვე პროზაშიც სცდის ბედს. ახალ წიგნში შეტანილი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები მამულის, მშობელი ხალხის უანგარო მსახურების, სიკეთისა და ზნეობის დამკვიდრებისთვის ბრძოლის მოქალაქეობრივი პათოსით არის გამსჭვალული. სხვაგვარად არც ძალუძს, რადგან ქართულ სიტყვასთან ჭიდილი თავის გზად აურჩევია და ამ გზას ბოლომდე უერთგულებს.
ოთარ ცინარიძე