წელს დამატებით 30 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება
By

წელს დამატებით 30 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა.

ზურაბ პატარაძემ სტუდენტებს პროგრამაში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ პროფესიულ განვითარებასა და სამომავლო კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებასა და საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მთავრობის ინფორმაციით, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, აკადემიის ბაკალავრის საფეხურის 30 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდა. პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და დღემდე საზღვარგარეთ სწავლა აკადემიის 108 სტუდენტს დაუფინანსდა. წელს დამატებით 30 სტუდენტის დაფინანსება იგეგმება.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ისაუბრეს მიღებულ შთაბეჭდილებებზე და პროფესიულ გამოცდილებაზე, ასევე, მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს ამ შესაძლებლობისთვის და პროგრამის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *