ელდარ ცინცაძე მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნო
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ უფროსი ელდარ ცინცაძე ქობულეთის, ქედისა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციებში ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აჭარის სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს უფროსი გაეცნო მიზნობრივი პროგრამის მიმდინარეობას და სამივე სატყეო ადმინისტრაციაში დაათვალიერა სანიტარიული ჭრები, რომლებიც დაზიანებული და ხმობადი ხე-ტყის მოჭრასა და ტყიდან მოქმედი წესების დაცვით მის გატანას ითვალისწინებს.
სანიტარიული ჭრები აქტიურად მიმდინარეობს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 3 500 კუბური მეტრი დაზიანებული და ხმობადი ხე-ტყის მოჭრა.
,,შუახევის სატყეო ადმინისტრაციაში ელდარ ცინცაძე ასევე გაეცნო მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს და დაათვალიერა ტერიტორიები, სადაც მათი დროული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით ფერომონიანი და სასიგნალო მწერსაჭერებია განთავსებული.
2026 წელს სააგენტომ საკუთარი ძალებით 2 100 ფერომონიანი მწერსაჭერი განათავსა. განხორციელდა 11 მონიტორინგი, რომლის შედეგად გარემოდან ამოღებულია 25 314 გრამი მავნე მწერი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სააგენტოს უფროსის მოადგილეები ავთანდილ მახარაძე და გიორგი ჯინჭარაძე, ასევე სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.