„შუამთობა“ – ცოცხალი ხიდი წარსულსა და დღევანდელობას შორის
აჭარის მთებში შემონახული ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ ყოველწლიურად ახალ-ახალი შენაძენით მდიდრდება, მეტ მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს. ქვეყანაში არსებული სტაბილური მდგომარეობა, ეროვნული მეურნეობის ყველა დარგსა და სფეროში საგრძნობი წინსვლა ადამიანებსა და ხელისუფალს საფუძველს უქმნის, რომ ერთად იზეიმონ საუკუნეების წინათ დავანებული „შუამთობის“ დღესასწაული. ასეა იყო წელსაც.
კურორტები გოდერძი და ბეშუმი მალე ოთხი სეზონის მთის კურორტები იქნება. ამ კურორტების შემოგარენში აქვთ მთის სახლები აჭარისა და მესხეთის კუთხეების მკვიდრთ. მრავლისმთქმელია ტოპონიმები: ლეკნარი, ვერხვნალა, ჩაოიეილა, არალიეილა, უცხოიეილა, საკამბეჩო, ლოდიძირი, შქერნალი, აივაზაჭოლო, ნაომვარი, ბოძაურიეილა, ველათები. სწორედ რომ ამ ტერიტორიებზე მყოფი მემთეურები, მათი სტუმრები, ქვეყნის 40-მდე ქალაქსა და რაიონში აჭარის მთიანეთიდან გადასულები, კურორტებზე მყოფი დამსვენებლები, უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები მოდიან ბეშუმში გამართულ „შუამთობაზე“. წლებია, დღესასწაულის ორგანიზებაში ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თავისი წვლილი შეაქვს აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თინათინ ზოიძეს.
ზეიმის მასპინძლებსა და სტუმრებს ბეშუმში ჩინებული ამინდი დახვდათ.
მთიელთა დელეგატს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანზორ ბოლქვაძეს კოლეგები – ვლადიმერ ბოჟაძე, ზაალ მიქელაძე, თორნიკე ფაღავა, გელა სამხარაული და ალეკო ტაბატაძე მოეპატიჟებინა. კომენტარი ბატონ ვლადიმერს ვთხოვეთ:
– პირველ რიგში, ჩემს აჭარას, ამ მთაში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს „შუამთობას“ ვულოცავ. დღეს დიდი სტუმრიანობა იქნება ამ მშვენიერ და ულამაზეს მხარეში. ჩვენს ერს მადლობა, რომ ვინახავთ, ვინარჩუნებთ, ახალი შენაძენებით ვამდიდრებთ ასეთი დონის ზეიმებს. აქ ქვეყნის ყველა რეგიონიდან მობრძანებულ მოზეიმეებს ვხედავთ. მჯერა, მასპინძლებიც და სტუმრებიც დღესასწაულს გაგვილამაზებენ, – გვითხრა პარლამენტარმა.
მალე მოზეიმეებს შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ ჩოგაძე.
ზეიმის წამყვანმა ბერდია კუტუბიძემ „შუამთობის“ მცირედი მიმოხილვის შემდეგ სცენა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულ უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბერმუხას“ დაუთმო. მათთან ერთად ზეიმის მონაწილეების წინაშე წარსდგნენ ანსამბლები „არგინეთი“, „მერმისი“, „ციცინათელა“, „ხულო“, „ხელგაშლილა“.
მოზეიმეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. „დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მსურს მივესალმო ჩვენს გონიერ, გულიან მთის შვილებს, სულითა და გულით მოგილოცოთ ჩვენი რეგიონის განსაკუთრებული დღესასწაული „შუამთობა“. მთის გაძლიერება, მისი წარმატება არის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი. ზეიმია ჩვენი მადლიანი მიწის, ეს განსაკუთრებული ხასიათია. აქ ვნახეთ ადგილობრივები, ჩვენი რეგიონის სტუმრები, წარსულსა და მომავალს შორის უწყვეტი ჯაჭვი. ვხედავთ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ერთგულებას, რა თქმა უნდა, სტუმარმასპინძლობას, რომელიც ასე ფეხგადგმულია და ბადალი არ მოეძებნება. მთის შვილებს ვუსურვებდი მშვიდობას, მათ, ვინც წლიდან წლამდე, ჩვენთან ერთად ზეიმობს. შესაძლებლობა გვაქვს, შევაჯეროთ, გავიზიაროთ, აღვნიშნოთ წარმატებები, ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, გავუმასპინძლდეთ ჩვენს სტუმრებს, ერთხელ კიდევ ვუთხრათ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვიყვარს ჩვენი აჭარა. უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ამ მთებს გამართული საავტომობილო გზებით დავუკავშირდეთ როგორც ბათუმიდან, ისე სამცხე-ჯავახეთიდან. გვაქვს საამაყო კურორტი გოდერძი. ჩვენი მიზანია, მრავალი წარმატებული პროექტი ვიხილოთ, მრავალი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს. მთა ძლიერდება, გვიხარია, რომ ახალგაზრდები მთაში ამოდიან, აქ საქმიანობენ. ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. წლის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი და საინტერესოა ჩვენი უმშვენიერესი ბეშუმი, ჩვენი ალპინარიუმი, მწვანე და შავი ტბები. აქ წლის ნებისმიერ დროს ვუმასპინძლებთ უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტიორებს. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც „შუამთობისა“ და სხვა ტრადიციების ერთგულნი არიან“, – თქვა ზურაბ პატარაძემ.
ათასობით მონაწილე ოვაციებით შეხვდა ბატონ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას: „განსაკუთრებულად მსურს, მივესალმო აჭარის მთიანეთის მკვიდრებს, კურორტ ბეშუმის დამსვენებლებს, მის შემოგარენში მყოფ მემთეურებს. თაობებმა ,,შუამთობის“ სახით უნიკალური, გამორჩეული სახალხო დღესასწაული შემოგვინახეს. ბედნიერი ვარ, რომ აქაურებთან, სხვა სტუმრებთან ერთად, ამ ზეიმის მონაწილე ვარ. შარშან მერგო პატივი ამ მთების სილამაზე, აქ მცხოვრები ადამიანების შრომა მენახა. მახარებს, რომ ოთხი თაობის ადამიანები არიან შეკრებილნი. უდიდესი ბედნიერებაა, რომ საქართველოში გამორჩეული სახალხო დღესასწაულია შემონახული. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს წინაპრებს, ჩვენს უხუცესებს, რომ დღემდე ,,შუამთობა“ მოიტანეს. ამ ზეიმში ჩანს ქართველი კაცის ბუნება, მისი ხასიათი, კულტურა, მისი ფოლკლორი, რაც კიდეც ვიხილეთ ანსამბლ ,, ბერმუხას“ სახით. უხუცესების ცეკვაში, მათ მიხვრა-მოხვრაში სიცოცხლე, სიმტკიცეა დემონსტრირებული. სწორედ ესაა მცირერიცხოვანი, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ერის გამოძახილი. გვეძლევა უფლება, ეს ზეიმი კიდევ უფრო განვავითაროთ. ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები დასტურია იმისა, რომ ასეთი დღესასწაულები მასშტაბური გახდეს. ვიცოდეთ, რანი ვართ და საიდან მოვდივართ. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებით, კულტურითა და ტრადიციებით. „გამორჩეულად მსურს მივესალმო ანსამბლ ,,ბერმუხას“ გამოსვლას. მიხარია, რომ ამ დღესასწაულს ადგილობრივი მოსახლეობა ყოველწლიურად დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით აღნიშნავს. გილოცავთ ,, შუამთობას“ , რომელიც გამორჩეულია არა მარტო აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ. მთიანი აჭარა ყველა თვალსაზრისით გამორჩეული კუთხეა. ბუნება, კულტურა, ადათ-წესები აქ ერთმანეთთანაა შეხამებული და გამორჩეულ ელფერს ქმნის. ამ კუთხის მთავარი შემოქმედია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც სიყვარულის, სიხარულის, სტუმარმასპინძლობის გაზიარების გამორჩეული ნიჭი აქვთ. წელსაც გპირდებით, რომ აჭარის მთიანეთს არ მოაკლდება ჩვენი თანადგომა“, – განაცხადა პრემიერმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის რანგში მოზეიმეებს პირველად მიესალმა ბატონი ცოტნე ანანიძე: „მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ერს, კულტურას, დამწერლობას, სიყვარულს. ,,შუამთობა“ ცოცხალი ხიდია წარსულსა და დღევანდელობას შორის. მადლობა ქვეყნის, რეგიონის პირველ პირებს, რომ ამ მთებს, აქ მცხოვრებ ადამიანებს მოფერებას და თანადგომას არ აკლებენ. აჭარის მთიანეთმა სამი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნა და მოიტანა ის ქართველობა, რომელიც დღეს აქ არის. ვთხოვ ყველა თანამემამულეს, მობრძანდეს მთის კურორტებზე, დაისვენოს ხულოს რაიონში. ასე ვიცით თქმა: ,,რომ ქართულად ძგერდე გულო, ხულო უნდა ინახულო“. მრავალ „შუამთობას“ გისურვებთ!
„შუამთობის“ მონაწილეებს, ასევე, მიესალმნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიანეთის დელეგატი ანზორ ბოლქვაძე.
„შუამთობა“ მრავალ ტრადიციას ინახავს. ერთ-ერთია წარმატებული ადამიანებისთვის „საპატიო ხულოელის“ წოდების მინიჭება. ამჯერად ეს პატივი ერგოთ აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძეს, ცნობილ ექიმებს თამაზ ხმალაძესა და მირზა ხინიკაძეს, წარმატებულ მშენებელს, გოდერძის უღელტეხილზე 41 მეტრი სიმაღლის კონსტრუქციის აგების ინიციატორ ამირან მამუჭაძეს, საფინანსო სფეროს ვეტერან ნანული აბულაძესა და განათლების სფეროს წარმატებულ მუშაკ რევაზ სოლომონიძეს. წელსვე დაწესდა „საპატიო ბეშუმელის“ წოდება, რომელიც თინა ბოლქვაძესა და თენგიზ ქოქოლაძეს მიანიჭეს. დიპლომები მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
– წუთისოფელში არაფერი იკარგება უკვალოდ. მადლობელი ვარ, რომ მრავალწლიანი შრომა დამიფასდა. მინდა ამ ასაკშიც ხულოსა და ხულოელების სიკეთეზე ვიზრუნო, – გვითხრა ბიჭიკო ბოლქვაძემ.
„შუამთობა“ ნიშნობითა და ქორწილებითაც გამორჩეულია. საპატიო სტუმრებმა ახალი ოჯახი დაულოცეს ბეღლეთელ ლამზირა კახაძესა და დეკანაშვილებელ ირაკლი ჩოგაძეს.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ყველაზე მეტი გულშემატკივარი მაინც სპორტულ შეჯიბრებებს ჰყავდა.
– ტურნირის ყველაზე გამორჩეული მოულოდნელობა იყო აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების წევრის, დაბა ოჩხამურელი ზურაბ ბერიძის შთამბეჭდავი ასპარეზობა. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისაც არ არის, მან დიდი გამოცდილების მქონე მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. ფინალურ ორთაბრძოლაში აჭარის ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში თამაზ ბედინაძე დაამარცხა და ტურნირის აბსოლუტური ფალავნის ტიტული მოიპოვა. მასვე გადაეცა ქართული ჭიდაობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული პრიზი – ცოცხალი ცხვარი. ეს გამარჯვება ნათელი დასტურია იმისა, რომ აჭარაში ქართულ ჭიდაობას ღირსეული, ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა ეზრდება. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ულოცავს ზურა ბერიძეს ამ წარმატებას და მადლობას უხდის მის პირად მწვრთნელს, აჭარის ორგზის აბსოლუტურ ფალავანს ქართულ ჭიდაობაში რუსლან შავაძეს, – გვითხრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ.
წელს გამართულ ტრადიციულ დოღში 1, 2, 4-კილომეტრიან დისტანციებზე ბადალი არ ჰყავდა ღორჯომელ ჯემალ გორგაძეს. 6-კილომეტრიან დისტანციაზე ყველას როლანდ ხარაბაძემ აჯობა. 3-კილომეტრიან დისტანციაზე რბოლა წელს პირველად „სოფლის ცხენებს“ დაუთმეს და ამ დისტანციაზე რაინდ რომინაძემ გაიმარჯვა.
გამარჯვებული მხედრები და ორივე მკლავის გადაწევაში უძლიერესი ადიგენელი ლუკა ბაჩიკაშვილი თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ზეიმი ანრი ჯოხაძისა და ბენდის გამოსვლით დასრულდა.
ოთარ ცინარიძე