აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეამცირებს
By

აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან მისი „ძალიან კარგი ურთიერთობები“ გახდა.

„ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ჩემი ძალიან კარგი ურთიერთობიდან გამომდინარე, არ ვარ კმაყოფილი იმ ფაქტით, რომ დიდი ხნის წინ შეერთებული შტატები დათანხმდა სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას“, – დაწერა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება, არამედ სრულიად შეუფერებელი და მტრული სიგნალია ჩრდილოეთ კორეისთვის.

„ეს წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება და ამ ხარჯების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატები ფარავს (როგორც ყოველთვის!), არამედ სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს უგზავნის იმ ქვეყანას, რომელიც მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტია, საფრთხეს არ წარმოადგენს და პატივისცემით მოქმედებს. ამიტომ და იმის გათვალისწინებით, რომ მათი გაუქმება უკვე გვიანია, ომის მინისტრ პიტ ჰეგსეთს, დავავალე, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბი“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა ირანის „დენუკლეარიზაციაში“ აშშ-სთან ერთად მონაწილეობაზე.

„ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ვკითხე, სურდათ თუ არა მათ ჩვენთან ერთად ირანის ისლამური რესპუბლიკის დენუკლეარიზაციაში მონაწილეობა, რაზეც მიპასუხეს: „არა, გმადლობთ!“ – დაწერა ტრამპმა.

გასულ კვირას აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ერთობლივი წვრთნების – „ულჩის თავისუფლების ფარის“ – დაწყება დააანონსეს. მათი თქმით, 11-დღიანი ღონისძიება მასშტაბურად წინა წლების მსგავსი იქნება და მასში დაახლოებით 18 000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. პარასკევს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაგმო და მას „აგრესიული ომის რეპეტიცია“ უწოდა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *