„ტიბეტური საგანძურით“ დაწყებული ლიტერატურული ოდისეა
By

„ტიბეტური საგანძურით“ დაწყებული ლიტერატურული ოდისეა

ამასწინათ მწერალმა ვახტანგ გოგრაჭაძემ 16 წლის ჭაბუკთან დაგვაკავშირა, რომელიც აჭარის მთიანეთს სტუმრობდა. იგი კუთხის დღევანდელობით, აქ არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლების ნახვით, ადამიანებთან შეხვედრებით იყო დაინტერესებული. გვინდა ჩვენი მკითხველიც იცნობდეს ამ საოცრად ნიჭიერ ახალგაზრდას – ერეკლე ბეჟუაშვილს.

– ერეკლე, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

– თქვენს მკითხველებს დიდი პატივისცემით მივესალმები. პირველ პირში საუბარს, მეტადრე – საკუთარი პიროვნებისა თუ ნაშრომ-ნაჯაფის შესახებ, მაინცდამაინც მიჩვეული არ ვარ, მაგრამ რაკი ფორმატი ასე მოითხოვს, საამისოდაც მზაობას გამოვთქვამ: მე ვარ ერეკლე ბეჟუაშვილი, 16 წლის, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, მწერალი, თელავის მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ რაც უნდა გრძელი ტიტულატურა გქონდეს (შემეძლო, გამეგრძელებინა: ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „გულთა კავშირის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თანამედროვე ავტორთა გაერთიანების წევრი, აზროვნების კლუბის დამფუძნებელი, ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი… და მისთ.), უწინარესად, მაინც მთავარია, საზოგადოდ, საინტერესო ადამიანი ვიყო. ამ ეტაპზე ეს მიზანი მაქვს დასახული და მეტ-ნაკლები სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჟამითი-ჟამად გამომდის ხოლმე. თავს ერთ რიგით, თუმცა ბედნიერ მეწუთისოფლედ ვთვლი. ამიერკავკასიის უძველეს სკოლაში ვსწავლობ – თელავის პირველი სკოლას ამა წლის 26 ოქტომბერს 268 წლის შესრულდება. რასაკვირველია, სიხარულს მანიჭებს ჩემი ოჯახი, საახლობლო წრე და დღემუდამ განუყრელი თანამგზავრი – კალამი. ვწერ, რათა ვისწავლო და ვასწავლო. მიხარია, როდესაც უცხო ადამიანთან საერთოს ვპოულობ და, როგორღაც, ვახერხებ, ისინი დავიმოყვრო. ამასწინათ ოთხი დღით დმანისში ახალგაზრდულ ბანაკში ვიყავი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა. იმის მიუხედავად, რომ აქამდე საბანაკო გამოცდილება არ მქონია, რაღაც-რაღაცებს მაინც გავართვი თავი და ახლა განუზომლად ბედნიერი ვარ. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი (თითოეულ მათგანს ლაგოდეხსა თუ ახმეტაში სიყვარულიან მოკითხვას ვუთვლი). დაბოლოს, ადამიანთა ბედნიერების გასაღები სიყვარული მგონია. მჯერა ირაკლი ჩარკვიანის ქართველ თინეიჯერთათვის ნათქვამი საკმაოდ ცნობილი სიტყვების: „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“. ეს არის ის აზრი, რომელსაც – ჩემი საკმაოდ დინამიკური მსოფლგაგებისა და ასაკის მატების თანმდევი ფორსირებული ყოფისა – ალბათ, ვერც ვერასოდეს შევიცვლი. არც მსურს, რომ სხვანაირად მჯეროდეს… ამაში ლიტერატურა მხარს მიბამს.

-14 წლისამ დაწერეთ 420-გვერდიანი სათავგადასავლო-სამეცნიერო ჟანრის ნაწარმოები „ტიბეტური საგანძური“. როგორია მისი სამზეოზე გამოტანის ისტორია?

– როდესაც „ტიბეტური საგანძურის“ შექმნაზე რაიმეს გახსენებას მთხოვენ ხოლმე, გონების კომპასით ყოველთვის ვუბრუნდები 2023 წლის აპრილს, როდესაც საკუთარი სახლის ერთ-ერთ ოთახში განმარტოებულმა კალამი ავიღე და წიგნის (რომელიც არც მეგონა, რომ გამოიცემოდა) პირველი სიტყვები მოვხაზე: „ჩემთვის ახლავე ცხადია, ამ მონათხრობს, რომელსაც „ტიბეტური საგანძური“ ვუწოდე, არავინ ირწმუნებს, თუმცა ახლა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მისი საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა მაინც უპრიანია. დაე, თავად გადაწყვიტოს, ირწმუნებს მას და გამოუცხადებს ნდობას თუ არა“. ამრიგად, იმავე წლის დეკემბერში, სწორედ ახალი წლის დღეს, უკანასკნელი აბზაციც დავწერე: „ერთი სიტყვით, მოგიწოდებთ, უწყვეტ ნაკადებად მიაწყდეთ სამყაროს კვლავაც შეუცნობელ მიწებს, ეცადეთ, დედამიწას რაც შეიძლება მეტი საიდუმლო დასცინცლოთ!..“ ამ ზემოხსენებულ ორ ფრაზას შორის მთელი ცხოვრება გავიდა. დიახ, რომანის წაკითხვაც ერთ მთლიან ცხოვრებას უდრის და გაგატარებს, რომანის დაწერა კი ბევრად უფრო მრავალშრიანი და ღრმა პროცესია, რომლის მიმდინარეობისას წლები გემატება და გემატება პანტაპუნტით… 2024 წლის ივლისის მეორე ნახევარში გამომცემლობა „საქართველოს მაცნემ“ ჩემი სადებიუტო წიგნიც გამოუშვა. თავიდან ძალიან არ მინდოდა წარდგინება მშობლიური ქალაქის ბიბლიოთეკაში, ვფიქრობდი, რომ წიგნისთვის, უბრალოდ, გზა მიმეცა და იგი თავად მივიდოდა მკითხველთან (მგონია, რომ წიგნი ირჩევს მკითხველს და არა – პირიქით. მსგავსად „ჰარი პოტერისა“, სადაც წერია, რომ „ჯოხი ირჩევს ჯადოქარს და არა ჯადოქარი – ჯოხს“), თუმცა აღმოჩნდა, რომ თანამედროვე სამყაროში ასე არ ხდება. „ტიბეტური საგანძურისა“ და ჩემი მეორე წიგნის – „ვარსკვლავქვეშეთში“ – წარდგენებით მთელი საქართველო შემოვიარე და სკოლებით დაწყებული, პენიტენციური დაწესებულებებით დამთავრებული, ათასგვარ აუდიტორიას ვესტუმრე. ამ ყველაფრის თანმდევად თვითონ პროცესმა მოიტანა მწერალთა კავშირსა თუ მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირება და დღევანდელი პლეადის გაცნობა. ჩემი წიგნების გამოცემის მთავარ მონაპოვრად კი შემდეგი რამ მიმაჩნია: ამ ამბის მერე თითქმის ყოველკვირა მიკავშირდებოდნენ თანატოლი გოგო-ბიჭები ფეისბუქზე მთელი საქართველოდან და მეუბნებოდნენ, რომ ჩემი წიგნის შესახებ ტელეგადაცემებით შეუტყვიათ. თურმე თავადაც წერდნენ მოთხრობებს, ლექსებს, ნოველებს და ვერ ბედავდნენ გამოქვეყნებასა და გარემოცვისთვის გაცნობას, ახლა კი ჩემეული მაგალითით მოტივაცია, შთაგონება და გამბედაობა მიეცათ და ამისათვის მადლობას მიხდიდნენ. აი, რისთვის ღირდა ყველაფერი: წიგნების წერაც და ქვეყნის ყოველ კუთხეში სიარულიც!.. თქვენი გაზეთის სტრიქონების მეშვეობით მინდა, ყველა ახალ შემოქმედს წარმატებათა მთელი ნაკადები ვუსურვო. მჯერა, ყველაფერს შეძლებენ.

– წერო – ერთია, უფრო რთულია ის მეცნიერული, თუნდაც ფანტასტიკური ჩანაფიქრები წიგნში გადმოსცე. ეს გონების კარნახი იყო, თუ…

– არ ვიცი, რა სახელით შეიძლება მოინათლოს ის ფენომენი, რომელიც შეკითხვაში მოიაზრეთ. რაკი „გონების კარნახი“ ახსენეთ, ბარემ დავძენ, რომ წერისას გულიც (ანუ ემოციაც) და გონებაც (ანუ რაციონალური აზრი) თანაბარზომიერად მნიშვნელოვანია. „ტიბეტურ საგანძურში“ გადმოცემული მეცნიერულ-დოკუმენტალისტიკური ფაქტები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა დღევანდელ მკვლევართა მოსაზრებებზე დაყრდნობით, გარდა ერთისა: იშვიათი თუ დამეთანხმება, რომ იეტები (ანუ თოვლისკაცები, იგივე – სასკვაჩები, რომლებზეც ვაჟა-ფშაველა ამბობდა, ისინი კავკასიონის მთებში ბინადრობენო) არსებობენ. არადა, წიგნის დედაძარღვად სწორედ იეტების აღმოჩენა იყო ჩაფიქრებული. საბოლოოდ, როგორც ხდება ხოლმე, მთავარი ხაზი ცოტა სხვა გამოვიდა, მაგრამ არც მთლად დაშორებული პირველსაწყისისგან…

– ყოფილხართ ტიბეტში?

– არასოდეს, თუმცა ამას ხელი არაფერში შეუშლია. ამის გამო ემპირიკოსები ნამეტანი გამიწყრებიან, მაგრამ ასეა: სანახავის დაუნახავად აღწერა უფრო მეტად ეშხიანია.

– არანაკლებ საინტერესოა მეორე, 326-გვერდიანი წიგნი „ვარსკვლავქვეშეთში“. ჭიდილს ვარსკვლავებს უცხადებთ თუ ჩვენს მშფოთვარე პლანეტას?

– ამგვარ დაყოფას არ ვემხრობი, მაგრამ ამ ორიდან, რასაკვირველია, უთუოდ მშფოთვარე პლანეტას. „ვარსკვლავქვეშეთში“ ჩემი მრავალწლიანი და სხვადასხვარაკურსიანი შრომის შედეგია, სადაც თავი ლექსებმა, იაპონურმა პოეზიამ, მოთხრობებმა და ჩანაწერებმა მოიყარეს. პირველი ლექსი 8 წლისამ დავწერე. მას შემდეგ კალამი ხელიდან არ გამიშვია. ვწერდი ნოველებს, მინიატურებს, ლექსებს, ვაკეთებდი სამეცნიერო ტიპის ჩანაწერებს ჩემი რამდენიმე დაკვირვების საფუძველზე… 2024 წლიდან პოეზიის იაპონურმა ჟანრმა გამიტაცა და კალამი ჰაიკუებისა და პროზაული ტანკების წერაშიც მოვსინჯე, 2025 წლის ნოემბერში კი ეს ყოველივე გავაერთიანე, ვუწოდე მრავლის ერთად შემკრები სახელი – „ვარსკვლავქვეშეთში“ და კომპანიების – „წინანდლის მამული“ და „Silkroad“ ფინანსური მხარდაჭერით გამოვეცი. ხსენების ღირსად მიმაჩნია აგრეთვე, ისიც, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებს „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი რამიშვილი. ჩვენ ერთადაც გვქონდა წარდგინება 15 მაისს წინანდლის მამულის სასტუმროს ბიბლიოთეკაში. წიგნის სახელწოდება აღებულია დიდი ბრიტანელი მწერლის ლუის კეროლის, იმავე ჩარლზ დოდსონის ერთი აკროსტიხული ლექსიდან (ეს მხოლოდ შესაბამისი ამონარიდია): „ღამეს რომ გაჰკვეთს ოცნება, მყისვე / ვარსკვლავქვეშეთში გოგონა ისევ / ნატრული ქვეყნის ბილიკებს მისდევს“. წიგნის რეცენზენტები – ბატონები დათო მაღრაძე, გიორგი კეკელიძე და გიორგი გოგოლაშვილი არიან. ამ წიგნის გამოცემის შემდგომ, ბევრი პრესტიჟული ჯილდო მივიღე, მათ შორის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა გადმომცა რუსთაველის ოქროს მედალი და „მსოფლიო ლიტერატურის ფესტივალის ლაურეატის“ წოდება. ერთი სიტყვით, „ტიბეტური საგანძურით“ დაწყებული ლიტერატურული ოდისეა „ვარსკვლავქვეშეთში“ გაგრძელდა და ეს დუეტი ელის მესამე წევრს, რათა ტრიადული გახდეს. რაც შეეხება „მესამე წევრს“, იგი ჯერ კიდევ ჩანასახშია და თავის დროს ელის. ეს დრო კი აუცილებლად მოვა.

– მამით ობოლი, 16 წლის ჭაბუკის შემოქმედებაში დედის ფენომენი რა ადგილს იჭერს?

– დედაშვილურ ურთიერთობაზე დიდი მახვილი მაქვს დასმული რამდენიმე მოთხრობაში, რომელთა გაცნობაც მკითხველს ჩემს მეორე წიგნში – „ვარსკვლავქვეშეთში“ – ხელეწიფება. აქვე აღვნიშნავ, რომ დაინტერესებულ პიროვნებებს ჩემი ორივე წიგნის შეძენა მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ შეუძლიათ. იგივე ითქმის „პარნასსა“ და „ლიბრაზეც“.

– რა ასაკში გაანდეთ დედას, რომ მწერლობას ცხოვრების მეგზურად გაიხდიდით?

– არავისთვის დემონსტრაციულად არ გამინდვია, რომ რამეს ასე და ისე ვაპირებდი. ყველაფერი ბუნებრივად, თავისთავად, ძალდაუტანებლად მოხდა. ჩემს ლექსებს ხშირად პირველები სწორედ ოჯახის წევრები ეცნობიან, განსხვავებით რომანებისა და მოთხრობებისა, რომლების შინაარსიც დაბეჭდვამდე, ჩემ გარდა, არავინ იცის.

– პოეზიასთან რა დამოკიდებულება გაქვთ?

– პასუხის გასაცემად კომპოზიტორ დათო ევგენიძეს დავესესხები: „მე მუსიკას მხოლოდ პოეზიასთან ვღალატობ“. ჭეშმარიტად, ხელოვნების დარგთაგან პოეზია და, საზოგადოდ, ლიტერატურა, უზენაესია (10 წელია, ფორტეპიანოზე ვუკრავ, ფერწერასაც გავთამაშებივარ და ამაში დავრწმუნდი). და კიდევ: პოეზია იწყება იქ, სადაც სიტყვები მთავრდება. ჩემს ლექსებს, ასევე, მეორე წიგნში გაეცნობით. ამას გარდა, საგაზეთო პერიოდიკაშიც ხანდახან იხილავთ. ყველაზე მარტივად კი მკითხველი ჩემს პოეზიას ინტერნეტის მეშვეობით ეცნობა – ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ერთ ლიტერატურულ საიტზე, რომელსაც Poetry.ge ჰქვია. ბოლო ლექსი, რომელსაც „მარინისტი“ ჰქვია და ეპიგრაფად წარმატების ფილოსოფიის მამის, ნაპოლეონ ჰილის სიტყვები („სიყვარული შესანიშნავია მაშინაც კი, თუ ის ცალმხრივია – იგი თავისთავადაა შესანიშნავი!“) აქვს წამძღვარებული, სწორედ აჭარაში ყოფნისას შეიქმნა. განზრახ არ ვამბობ სიტყვას „შევქმენი“, რამეთუ ვეთანხმები ძველ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შემოქმედებას ზეციური ჩაგონებით ქმნის ხელოვანი. ამის შესახებ გალაკტიონი ამბობდა: „მე ლექსებს ანგელოზები მკარნახობენ, თორემ საწერად სად მცალია?!“

– ზოგიერთ ავტორს რედაქტორებთან კამათი უხდება… მათთან თქვენი დამოკიდებულება როგორია?

– ამას შემთხვევაში, ლადო ასათიანის ამხანაგი ვარ, რომელიც დღენიადაგ უმეორებდა რედაქტორებს: „უჩემოდ ერთი სიტყვაც არ შეცვალოთ!“

– საქართველო გენიოსებისა და კლასიკოსების ქვეყნადაა მიჩნეული. ვინაა თქვენი იდეალი და რატომ?

– თუ მხოლოდ ქართველებზე ვსაუბრობთ, ილია ჭავჭავაძე და მიხეილ ჯავახიშვილი. რატომ? – განა ეს საკითხავია?! რომ არ მომწონებოდა და ჩემს ურყევ ავტორიტეტებად არ შემერაცხა, ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა.

– ვის თვლით პირველ გზამკვლევად და შემფასებლად?

ამ გაკვრით ერთ-ერთ წინა პასუხში შევეხე, მაგრამ კვლავ გავიმეორებ ოდნავი გადამღერებით: გააჩნია ჟანრსა და ფორმატს. ლექსებს, ყოველთვის, უწინარესად, ოჯახი ეცნობა. კარდინალურად სხვანაირი ვითარებაა პროზის ნებისმიერი ფორმის – იქნება ეს მოთხრობა, ნოველა თუ რომანი, შემთხვევაში. ყოველთვის დიდი ხალისითა და სიამოვნებით ვისმენ პატარა დის სარკასტულ შენიშვნებს, რომელიც, მცირე ასაკის მიუხედავად (ჯერ 13-ისაა), მყისვე მახვილგონივრულად ამჩნევს და პოულობს შემთხვევით გაპარულ ლაფსუსებს (თუმცა ვაღიარებ: ზოგჯერ შედარებით უკეთესი ლექსიც დაუწუნებია). სხვათა შორის, ლექსებს თავადაც წერს, მაგრამ ჯერ არავის გვაკითხებს. წერის პროცესიც ცოდვის ჩადენასთან ეიგივება – მისი აზრით, არავინ უნდა გხედავდეს ამ დროს. ამას, რაღაცწილ, ვეთანხმები. როგორც ჩანს, ეს ქალ პოეტთა სენია.

– მასწავლებლები და ერეკლე ბეჟუაშვილი?

– საკმაოდ ახლო, უშუალო და თბილი ურთიერთობა მაქვს თითოეულ მათგანთან და რომელიმეს გამორჩევა არც მსურს და არც მართებული მგონია. ყოველთვის მადლიერებით ვახსენებ ჩემი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია ოთარაშვილს, რომელიც მუდმივად გვერდით მიდგას და ხშირად ჩემი მოტივატორია. და, საერთოდ, ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის თელავის პირველი სკოლის აბსოლუტურად ყველა პედაგოგს, რომლებიც განსხვავებულ მოქალაქეებს ზრდიან და აყალიბებენ. მომავალში – მშვიდობა იყოს, აუცილებლად დავწერ, რაიმე სახით, ნაწარმოებს, რომელსაც „პირველსკოლელი ბიჭები“ ერქმევა. საკმარისია, გავიფიქრო ჩემს რომელიმე თანასკოლელ უფროსკლასელზე და იმავ წამიერად ყველა კაეშანი მშორდება. ეს კი ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, სხვისი სიტყვებია: პირველსკოლელი ბიჭები განსხვავებულნი არიან, სასიამოვნოდ განსხვავებულნი… ვფიქრობ, ეს მასწავლებელთა დამსახურებაა, მაგრამ ამის მიღმა ჩვენ, გარკვეული გაგებით, ერთმანეთიც გავზარდეთ…

– მწერლობის გარდა, კიდევ რა გიტაცებთ?

– პროფესიაზე გადაწყვეტით და მტკიცებით ფორმაში არასოდეს ვსაუბრობ. სულაც, შეუძლებელი მგონია, სკოლის დამამთავრებელი კლასის 17-18 წლის მოსწავლეს, რომელიც უნივერსიტეტის კარის შეღებას ელოდება (მე იქამდე ორი წელი დამრჩა), მყარად ჰქონდეს გაცნობიერებული, რისი კეთება უნდა მთელი დანარჩენი ცხოვრება. ის კარგად გამეგება, რომ ჩემგან არც ექიმი გამოვა და არც – პროგრამისტი. დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია. მაინც იურისტობას ვფიქრობ!

– თანატოლებთან გართობისთვის დრო თუ გრჩებათ?

– საკმარისზე მეტიც. ლხენასა და თავდავიწყებას იმავე ენთუზიაზმით ვეძლევი, როგორც წერასა და სწავლას. კახეთში ამის ხელშემწყობი ბევრი პირობაა, თამადობაზეც არ ვამბობ უარს… როდესაც ჩემი განსხვავებულ ამპლუაში ნახვა უკვირთ, წამდაუწუმ ვიმეორებ ხოლმე იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სიტყვებს: „უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს, თუ რამხელა სერიოზულობაა საჭირო მხიარულებისთვის“.

– აჭარის მთიანეთი შემოიარეთ, ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტსაც დაესწარით. შთაბეჭდილებები როგორია?

– ახლა რომ საუბარი დავიწყო, უახლოესი ერთი-ორი თვე არც მეყოფა, რადგან შთაბეჭდილება არის ზეაღმტაცი და, ზუსტად ვიცი, რომ გაუქარწყლებელიც…

– გენი თავის კვალს ტოვებს. გვარში ვის გადარებენ?

– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე დაკონკრეტებით არავის მადარებენ. ერთხელ კი, ჩემ სადღეგრძელოს რომ სვამდნენ, ასეთი ფრაზა დავიჭირე: რაც კი ჩვენს გენეტიკასა და წარმომავლობაში ნიჭია, ყველამ ამაში მოიყარა თავიო. მე მაშინვე ჩავილაპარაკე სხვათა გასაგონად: ნუ დაიჯერებთ-მეთქი. ხუმრობა ხუმრობად დავტოვოთ და, კი ჩემს გენში კითხვა და სწავლა წმინდა საქმესთან არის გატოლებული. მაგალითად, ჩემი დიდი პაპა, რომელიც ახლაც აგრძელებს საქმიანობას უცხოეთში, თავის პროფესიულ წრეში მასშტაბურად აღიარებული ფიზიკოსია და მრავალი წიგნი აქვს გამოცემული ბუნების მეტყველებაზე. სულ ერთხელ ვარ შეხვედრილი, ისიც – პატარაობაში და რამდენადაც ვიცი, თავისი სამოღვაწეო ასპარეზით ქვეყნის პოლიტელიტასთან, ასე თუ ისე, დაახლოებული პირია.

– სურვილები, მომავალი მიზნები გაგვიმხილე…

– ლათინური ანდაზის არ იყოს: „ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ!“- სხვა დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

 

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • აგვისტო 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *