სურსათში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა
By

სურსათში აკრძალული საღებავი აღმოჩნდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „სუდანის“ ჯგუფის აზო-საღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები, კერძოდ: Sudan I და Sudan IV მხოლოდ ერთ, შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე) მიერ წარმოებულ სვანური მარილის ნიმუშში აღმოჩნდა (დამზადების თარიღი: 02.02.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 02.02.2027 წელი). გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.

„სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე  ვასილ კვერნაძემ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს. რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.

სურსათში საღებავების (Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B) გამოყენება აკრძალულია.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებ დანამატს.

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *