ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების პოლიციის ახალი შენობები გაიხსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების პოლიციის ახალი შენობები გახსნა.
როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

უახლესი ინვენტარით აღჭურვილი შენობები, მინისტრთან ერთად დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა – ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ. თანამედროვე სტანდარტების შენობებში მოწყობილია სამუშაო სივრცეები დეტექტივებისა და გამომძიებლებისთვის, ნივთმტკიცებათა შესანახი ოთახები, ასევე, თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასადილო ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ხელისუფლების წარმომადგენლები სამართალდამცავებს გაესაუბრნენ და წარმატებები უსურვეს.
შენობების გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერები ირაკლი ცეცხლაძე და მამუკა თურმანიძე.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა – 40-მდე, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის შენობა – 24 სამართალდამცველზეა გათვლილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.