გაზრდილი ბიუჯეტი და მოსახლეობაზე მორგებული პროგრამები
ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 924,1 ათასი ლარით გაიზარდა და 593.9 მილიონი ლარი შეადგინა. ბათუმის საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და დაამტკიცა.
დადგენილების პროექტი დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გააცნო. გურამ სურმანიძის განცხადებით, ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს შეეხო.
– ქალაქის ბიუჯეტი 1 მილიონ 924 100 ლარით იზრდება. 51 მილიონი ლარი მიღებული ეკონომიკის ხარჯზე გადანაწილდა. თანხები, ასიგნებები გაიზარდა შემდეგი მიმართულებით – საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობა. გათვალისწინებულია 11 ქუჩის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 17 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 24 მისამართზე კი სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება და ასიგნება ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი იქნება. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტს ახალი ღონისძიებები დაემატა. 56 მისამართზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდება. ყურადღება მინდა გავამახვილო მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. გათვალისწინებულია დამატებით 20 ერთეული ელექტროავტობუსის შეძენა. პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება. ასევე, 150 ლოკაციაზე იგეგმება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობა. მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით იგეგმება საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირება, ასევე, პარკირების ინვენტარიზაცია და მართვის სტრატეგიის მომზადება. გაფორმებების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 3 მილიონ 900 000 ლარი. შემუშავდა კონცეფცია და ქალაქისთვის შევიძენთ საახალწლო მანათობლების კონსტრუქციებს.
2 მილიონ 20 000 ლარით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის რამდენიმე პროგრამის დაფინანსება, მათ შორის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირებისა და შშმ პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამების დაფინანსება. მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება 4 500 ბენეფიციარს მოემსახუროს, – გვითხრა გურამ სურმანიძემ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 800 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილი და 400 გრძივი მეტრი მეორადი გზის გამყოფი კონსტრუქცია (მოაჯირი) საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადასცა. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული მასალა ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობასა და შემოღობვას მოხმარდება. დეპუტატებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში №19-ში მდებარე 27.90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა.
საკითხები დეპუტატებს მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გააცნო. დავით კოპინაძის განმარტებით, განკარგულების მიხედვით, აღნიშნული ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით გადაეცემა. ქონების გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური შეიქმნა, დამტკიცდა მისი დებულებაც. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროს მარიამ ხაზარაძის განცხადებით, ახალი სამსახური უფლებამოსილების განხორციელებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან შეუდგება. მისი ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტით 696 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ახალი სამსახურის შექმნასა და ნებართვების გაცემის დაჩქარებულ წესთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა ოპოზიციის ნაწილს. პარტია „ლელოს“ წარმომადგენელ ვაჟა დარჩიას განცხადებით, როცა ამ დრომდე არ არის დამტკიცებული ქალაქის განვითარების გეგმა, გადაწყვეტილება ნაჩქარევია.
– ბიუჯეტის გაზრდა კარგია, მაგრამ მქონდა კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელი და 38 საბავშვო ბაღიდან 12 არ ფუნქციონირებს. სხდომაზე დაზუსტება ვითხოვე, თუ რამდენი ბაღი შეხვდებოდა ახალ სასწავლო წელს. მითხრეს, რომ დაემატება 2 ახალი ბაღი, გამოდის, დანარჩენი ისევ ხელმიუწვდომელი იქნება პატარებისთვის. ახალი სამსახურის დაფუძნებას რაც შეეხება, შეიძლება ფორმა სწორი იყოს, მაგრამ მქონდა კითხვები დროსთან დაკავშირებიოთ. ჩვენ მილიონობით ლარი გადავიხადეთ ქალაქის გენერალური გეგმის შესაქმნელად და დღემდე არ დამტკიცებულა. ამის გამო, შეიძლება საჭირო გახდეს სამშენებლო მორატორიუმის გამოცხადება, მაინცდამაინც ახლა რატომ დადგა ამის აუცილებლობა, რატომ აქვს ამდენი საქმე მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, რომ დამოუკიდებელი სახით შექმნა გახდა აუცილებელი? გამოვთქვი ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს იმას, რომ გენგეგმის დამტკიცებამდე რაც შეიძლება ბევრი ნებართვა გაიცეს დამოუკიდებელი სსიპ-ის ფარგლებში. ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე, – აღნიშნა ვაჟა დარჩიამ.
შენიშვნას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს მერიის ადმინისტრაციის უფროსი. მარიამ ხაზარაძის განცხადებით, ახალი სამსახური შეიქმნა მაშინ, როცა ამის საშუალება კანონმდებლობის შესაბამისად გახდა შესაძლებელი.
– ახალი სამსახური 1 ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, მოსახლეობას შევთავაზოთ ახალი სერვისები, მათ შორის, დაჩქარებული მომსახურება. საშუალება გვექნება, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი მოვიზიდოთ. გენგეგმასთან დაკავშირებულ შენიშვნებს რაც შეეხება, მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ არანაირ კავშირში არ არის ამასთან. კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი გახლავთ ის, რომ სწორედ ახლა მიეცა მუნიციპალიტეტს სამართლებრივი შესაძლებლობა, დაეფუძნებინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ მაისში განხორციელდა ცვლილებები კანონმდებლობაში. აქედან გამომდინარე მოგვენიჭა უფლებამოსილება, დაგვეფუძნებინა სსიპ-ი, – განაცხადა მარიამ ხაზარაძემ.
საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელა და დაამტკიცა. საკრებულომ, ასევე, თანხმობა მისცა ბათუმის მერს ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი და ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბის“ ლიკვიდაციის დაწყებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიზანია მართვის ოპტიმიზაცია და აღნიშნული ორგანიზაციების უფლება-მოვალეობების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის“ გადაცემა.
მანანა ტაკიძე