„ჩემი „მე“ მუდმივად ახლის ძიებისა და შეცნობის პროცესშია“
საინტერესო, თვითმყოფადი, მრავალმხრივი შემოქმედი – ასე ახასიათებენ ნონა გულიაშვილს – მწერალს, მთარგმნელს, მუსიკოსს, რომლის პირველმა წიგნმა ,,მელნისფერი სიჩუმე“ მწერალთა სახლში წარდგინებისას საზოგადოების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. მაღალი ინტელექტით და ერუდიციით გამორჩეული შემოქმედი ქალბატონი დღეს გაზეთ ,,აჭარის“ სტუმარია.
– ქალბატონო ნონა, ივლისში ძალიან შთამბეჭდავად წარუდექით საზოგადოებას თქვენი წიგნით „მელნისფერი სიჩუმე“. „საინტერესო და დამაფიქრებელი“ – ასეთია იმ მკითხველთა უმრავლესობის შეფასება, ვინც ამ წიგნს გაეცნო. რას დაამატებდით? მოდით, გვამოგზაურეთ თქვენს სამყაროში: როგორ მუშაობთ, რაზე ოცნებობთ?
– ჩემი პირველი წიგნი „მელნისფერი სიჩუმე“ შინაგანი ტრანსფორმაციის სულიერი რენტგენია, რომელიც ცხოვრების ათწლიან მონაკვეთს მოიცავს. ვფიქრობ, მისი მთავარი ღირებულება უსაზღვრო გულწრფელობაა. მჯერა, რომ შემოქმედება საკუთარ ავტორთან დისონანსში არ უნდა მოდიოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კარგავს მთავარ მაგიას, სიცოცხლესა და ღირებულებას. შემოქმედება არ იწყება კალმის ხელში აღებით – ეს პროცესი გაცილებით ხანგრძლივი და ღრმაა. ჩემი ტექსტები თვეობით ცოცხლობენ და მწიფდებიან გონებაში, გადიან სხვადასხვა ფაზას: დაკვირვების, დაგროვების, ფიქრის, ანალიზის… და ელოდებიან მძაფრ იმპულსს ძლიერი ემოციის სახით, რათა ფურცელზე დაიბადონ. „სიტყვები თვეობით, წლობით ცხოვრობენ ჩემში, ემბრიონივით იზრდებიან და მწიფდებიან – სიჩუმეა მათი ამნიოსი“, – ვწერ ერთ ლექსში. დიახ, სწორედ მაშინ, როდესაც გარეგნულად ყველაზე მშვიდი და „უჩინარი“ ვარ, ჩემში სიტყვათა და ემოციათა ნამდვილი ქაოსია, რომელიც ქარიშხალივით ბობოქრობს და უმაღლესი მაგნიტუდით მარყევს. ეს პროცესი სულის დაფარულ შრეებში მიმდინარეობს და გარეშე თვალისთვის აბსოლუტურად უხილავია. „სევდის შემგროვებელივით“ თავს ვუყრი ადამიანთა ტკივილებს, მომხდარ თუ ნაოცნებარ ისტორიებს. ზოგჯერ ჩემი ტექსტები გადამუშავებული ტკივილის დამღას ატარებს და მკითხველს სულიერი განკურნების გზას უჩვენებს; ზოგჯერ კი მათში ფაქიზი, ქალური სენტიმენტალიზმი სჭარბობს, რომელიც ვერგანცდილი, არმომხდარი ამბების ემოციური ექოა – ის, რასაც მხოლოდ წერის პროცესში განვიცდი და რითაც მხოლოდ ლექსში ვცხოვრობ.
– თქვენი ცხოვრება, როგორც თქვენი შემოქმედების ინსპირაციის წყარო…
– ხელოვანი ვერასოდეს გაექცევა საკუთარ ბიოგრაფიას, საკუთარ თავს ხელოვნებაში – რაზეც უნდა წეროს, სადღაც, ნიუანსებში, იგი მაინც გამოჩნდება. ადამიანის ცხოვრებაში ბევრი ისეთი ფაქტი, ტკივილი თუ განცდაა, რომლებიც სამუდამოდ ილექება მის სულში და ძალაუნებურად შემოქმედების ინსპირაცია ხდება.
ავიღოთ თუნდაც დოსტოევსკი – მისი ყველა პერსონაჟი, არსობრივად, თავად ავტორია. თითოეული მათგანი ატარებს თავად დოსტოევსკის დადებით თუ უარყოფით მხარეებს, მის ადამიანურ ღირსებასა და მანკიერებას. ფაქტობრივად, ყველა ჭეშმარიტ შემოქმედთან ასეა – თუკი საკუთარ თავშივე არ აღმოაჩენ დემონებსა და ანგელოზებს, მათზე წერა, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩემთვის წერა და ხელოვნება არტთერაპიაა – გადარჩენის გზა, ხოლო ფურცელი და სიტყვები სრული თავისუფლების ერთადერთი კუნძულია. გრძნობები, ემოციები და ტკივილი ყველა ადამიანს აქვს და წერა, გარკვეულ დონეზე, ყველას შეუძლია; თუმცა, ვფიქრობ, ნაწერი ლიტერატურულად „ღირებული“ მაშინ ხდება, როცა ის სცდება ვიწრო, პერსონალურ განცდებს და იძენს მასშტაბურობას – იქცევა უნივერსალურად, ყველა ადამიანისთვის გასაგებად.
– „ვინ ვარ მე?“ – ამ შეკითხვას, ალბათ, ხშირად უსვამთ საკუთარ თავს და როგორ პასუხობთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. ეს ის კითხვაა, რომელსაც ადამიანი ხშირად უსვამს საკუთარ თავს, ვინაიდან თავის შეცნობა უსასრულო პროცესია.
ვინ ვარ მე? – პირველ რიგში, ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს სიკეთე, სიყვარული, სინათლე, ადამიანები და ყველაფერი, რაც ფაქიზი, სუფთა და ლამაზია. ვარ სისხლხორცეული ხელოვანი, რომლისთვისაც მუსიკაც და სიტყვაც არსებობის უმთავრესი ფორმაა.
ამავდროულად, ვარ ძალიან მგრძნობიარე, ემოციური ემპათი, რომელიც საკუთარ თავში ატარებს სხვათა და საკაცობრიო ტკივილს, სევდასა და ბევრ სიჩუმეს. ვფიქრობ, ემპათიური უნდა იყო ყველა ურთიერთობაში, იქნება ეს ოჯახური გარემო, სამსახურებრივი სივრცე თუ სანაცნობო წრე. ამის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობები და, ზოგადად, ადამიანი ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით. ჩემი „მე“ მუდმივად ახლის ძიებისა და შეცნობის პროცესშია. პროფესიითაც, შინაგანი მოწოდებითა და სამყაროსეული მისიითაც მასწავლებელი ვარ. ადამიანებთან ურთიერთობაში ხშირად ვხდები მათი ღრმა, შინაგანი ტრანსფორმაციის წყარო, რომელიც ცვლის არა შეგნებული ძალისხმევით, არამედ, უბრალოდ, საკუთარი არსით.
– მიგაჩნიათ, რომ მუსიკა სამყაროს უნივერსალური ენაა?
– ვაფასებ და მიყვარს ხელოვნების თითქმის ყველა დარგი. ვთვლი, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება აკეთილშობილებს ადამიანს და აძლევს შესაძლებლობას, ყოფიერების რუტინას ცოტა ხნით მაინც დააღწიოს თავი. ის არის სულის თავშესაფარი, შვება, ნარკოტიკი, ოღონდ კარგი გაგებით. თუ ჩემს შინაგან ბალანსზე ვისაუბრებთ, ცხოვრებაში ორი მთავარი საყრდენი მაქვს: მუსიკა და პოეზია (ლიტერატურა). ორივე ორგანულად თანაარსებობს ჩემში, თითქმის თანაბარი დოზით, თუმცა სიტყვას მაინც განსაკუთრებულ ძალას ვანიჭებ – ლიტერატურაში შემოქმედი თავადვე ვარ, მუსიკაში კი უფრო კომპოზიტორსა და მსმენელს შორის არსებული ფაქიზი გამტარი გახლავართ. მუსიკა უსიტყვო, სამყაროს უნივერსალური და ყველასთვის გასაგები ენაა. გიფიქრიათ, როგორი ყრუ და საშინლად მოსაწყენი იქნებოდა სამყარო მუსიკის გარეშე? თავად უფალიც კი მუსიკით გვესაუბრება – ჩიტების ჭიკჭიკით, ნაკადულის შხრიალით, ქარის ზუზუნით, წვიმის შხაპუნით. ჩემი აკადემიური განათლება მუსიკას უკავშირდება, თუმცა დიდ გულისტკივილად და აუსრულებელ ოცნებად ლიტერატურათმცოდნეობა დამრჩა. მომავალში მსურს დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ საქმიანობას, რომელიც დროებით შეწყდა ემიგრაციის გამო – ბავშვებთან მუშაობა და პედაგოგიური პროცესი ძალიან მენატრება.

– როგორც მთარგმნელი როგორ ტექსტებს ანიჭებთ უპირატესობას და მომავალში ამ მხრივ რას აპირებთ?
– ტექსტი აუცილებლად მაღალმხატვრული უნდა იყოს და ზუსტად ეხმიანებოდეს ჩემს შინაგან სამყაროს. ფიზიკურად არ შემიძლია, ვთარგმნო ის, რაც არ მომწონს, რაც არ „მგავს“ და რასაც ბოლომდე ვერ ვგრძნობ. ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე ნაწარმოები ისე ამკვიატებია, მოსვენება არ მოუცია, სანამ არ მითარგმნია.
თარგმანების კუთხით მკითხველი ჯერჯერობით არ მიცნობს, რადგან ისინი არც წიგნში შესულა და არც პერიოდიკაში გამოქვეყნებულა, თუმცა რაოდენობრივად იმდენი მასალაა, თავისუფლად ეყოფა ერთ სქელტანიან წიგნს. ჯერჯერობით ისინი ჩემს პირად არქივში, თაროზეა შემოდებული და თავის დროს ელოდება. სიამოვნებით ვიმუშავებდი რაიმე საინტერესო პროექტზე თარგმანის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, თუკი ის პირდაპირ მივიდოდა მკითხველამდე და არა წლობით დარჩებოდა ჩემი პირადი არქივის ბინადრად.
– თქვენ და ოჯახი…
– ოჯახი არის ის მთავარი საყრდენი, რაზეც პიროვნება დგას – საიდანაც მოდის მისი ფესვები და საიდანაც იზრდება. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ოჯახი ადამიანის სულიერი და ფიზიკური სიმტკიცე, ძალა, იმედი და მთავარი მოტივაციაა.
ვფიქრობ, ემპათიური უნდა იყო ყველა ურთიერთობაში, იქნება ეს ოჯახური გარემო, სამსახურებრივი სივრცე თუ სანაცნობო წრე. ამის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობები და, ზოგადად, ადამიანი ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით.
– ემიგრანტობის დროს ნანახსა და განცდილს როცა იგონებთ...
– ეს ძალიან მტკივნეული თემაა, რაც, ფაქტობრივად, ლაიტმოტივად გასდევს ჩემს წიგნს. სასიამოვნოდ გასახსენებელი ცოტა რამ თუა ემიგრაციაში და ისიც, ძირითადად, იქ შეძენილ მეგობრებს, უცხო მიწაზე აღმოცენებულ პატარა საქართველოს უკავშირდება.
მშრალი სტატისტიკისა და ციფრების მიღმა ემიგრაცია ადამიანისთვის არის ეგზისტენციალური კრიზისი, იდენტობის რღვევა, დაპაუზებული ცხოვრება და ქრონოლტოლვილობა. ერთ ჩემოდანში ჩატეული შენი წარსული, აწყმო და გაურკვეველი მომავალი. ეს არის სიყვარული ტელეფონის ეკრანიდან. შვილის, მეუღლის, დედის დაკარგული როლები, რომლებიც სადღაც ილუზიურ სივრცეშიღა რჩება. არცთუ ისე სასიამოვნო მოსაგონარია ემიგრაციის წლები და როცა ვბრუნდები, ჩემი ფსიქიკა ავტომატურად ბლოკავს იქაურ მოგონებებს.
– ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით როგორია თქვენი დამოკიდებულება?
– მივესალმები ყველაფერ ახალსა და საინტერესოს, თუმცა ამ ბოლო წლებში ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ადამიანური რესურსის უკანა პლანზე გადაწევამ, ცოტა არ იყოს, შემაშფოთა.
ზოგადად, ყველაფერს ამქვეყნად აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ ამ ყველაფერმა გააიოლა შრომა – როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი – და დაზოგა დრო, თუმცა, ამის საპირწონედ, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ადამიანის შესაძლებლობების მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ამ სამყაროში მაინც რჩება უამრავი რამ, რის შექმნასა და გაკეთებასაც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი შეძლებს და არა მანქანა-რობოტი.
– რა არის უმთავრესი თვისება ადამიანისა და არიან თუ არა ასეთი თვისებებით შემკულნი თქვენ ირგვლივ?
– მიყვარს უბრალო, გულიანი, გულწრფელი, კეთილი, მზით სავსე ადამიანები – ისეთები, რომ უყურებ და ფიქრობ, ესაა უფლისმიერი ხატი. ასეთი უნდა იყოს ადამიანი, რომ ღმერთის ჩანაფიქრი გაამართლოს; ადამიანები სოციალური ნიღბების გარეშე, რომლებიც ყველგან და ყოველთვის საკუთარი თავის ერთგულნი რჩებიან. ნიჭიერი და ინტელექტუალური ადამიანები მიყვარს კიდევ, ვისთანაც შეგიძლია, სულიერი შიმშილი დაიკმაყოფილო, რომლებშიც გონების დიდებელებასა და მასშტაბს ხედავ და ამავე დროს საოცარ თავმდაბლობას. დიახ, რა თქმა უნდა, მსგავსი ადამიანები მრავლადაა ჩემ გარშემო. თუ ადამიანში აღმოვაჩინე თვისებები, რომლებსაც შინაგანად ვერ ვიღებ, თავაზიანად ვდისტანცირდები.
– რაზე იტყოდით: – ნეტავ შემეძლოს?
– ნეტავ, შემეძლოს საქართველოსთვის რამეს გაკეთება!
– სად გრძნობთ თავს ყველაზე მშვიდად და ბედნიერად?
– ზღვაზე… ეს ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული, სიმშვიდე, ბედნიერება და ნირვანაა. მიყვარს ყველა სეზონზე, ყველა ელფერითა და ყველა განწყობით – იქნება მშვიდი, ნაზი, აღელვებული თუ ბობოქარი. ზღვა ძალიან მგავს… ის ჩემი სულის სარკეა, სადაც თითოეული ტალღა ჩემი შინაგანი სამყაროს გამოძახილია.
– რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?
– ჩემი სათქმელი, პირველ რიგში, ღრმა ფსიქოლოგიური და სულიერი გზავნილია. ეს არის იმის გააზრება, რომ ტკივილი არ არის სასჯელი – ის არის ჩვენივე ფსიქიკის ზრდის, უზარმაზარი, მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ეტაპი. სანამ ადამიანს ეშინია საკუთარ ჩრდილებთან პირისპირ დარჩენის, სანამ მსხვერპლის როლსა და თვითშეცოდებაში რჩება, ის ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ ვითარდება.
ნამდვილი ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ბედავს და გამოდის კომფორტის ზონიდან, როდესაც გადაამუშავებს ტკივილს და მას შემოქმედებით, სულიერ საწვავად აქცევს, როდესაც შინაგანად იცვლები, ფიზიკურადაც და მენტალურადაც იცვლება მთელი შენი გარემოცვა და სამყაროს აღქმა. არ არსებობს ზრდა კრიზისის გარეშე, კათარზისის გარეშე. ჩემი წიგნიც სწორედ ამ შინაგან ოდისეაზეა – ეს არის ერთგვარი გზამკვლევი ჰადესის ქვესკნელიდან გაზაფხულებამდე, მეტამორფოზა სიბნელის ლაბირინთებიდან სინათლისკენ. და მთავარი გამარჯვება, რისკენაც ყველას ვეპატიჟები, არის არა სხვების დამარცხება, არამედ გამარჯვება საკუთარ ძველ „მე“-ზე, შიშებსა და ტკივილებზე, რასაც მოაქვს სულის სრულყოფილი ჰარმონია და ბალანსი.
ლაშა ხომერიკი