„ღამის სერენადების“ სამი დაუვიწყარი ბათუმური დღე
By

„ღამის სერენადების“ სამი დაუვიწყარი ბათუმური დღე

დიდი მევიოლინე ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ სიცოცხლეს აგრძელებს (ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე). წელს შვიდი საღამო გაიმართება. აქედან სამს ბათუმმა უმასპინძლა. ერთი, 19 აგვისტოს, ბორჯომში ჩატარდა და დანარჩენს, სექტემბერში, თბილისი უმასპინძლებს. ფესტივალმა მსმენელს წელსაც ჟანრობრივად მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსების შესრულებით.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, ბორჯომისა და თბილისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ტარდება. მას კიდევ არაერთი მხარდამჭერი ჰყავს.

ბათუმური ფესტივალის გახსნის პირველ დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ბუენოს-აირესის Teatro Colón-ისა და „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და ახალგაზრდა ვირტუოზი, კრემონას საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მევიოლინე იუკი სერინო, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე) წარსდგნენ. შესრულდა ჩაიკოვსკის, სენ-სანსისა და მენდელსონის ნაწარმოებები.

ეს იყო გამორჩეული მუსიკალური შეხვედრა, სადაც იტალიური ტემპერამენტი, ახალგაზრდული ენერგია და ვირტუოზულობა ერთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებად გაერთიანდა.

ფესტივალის ფარგლებში თეატრის ფოიეში ჟურნალისტისა და მხატვარ მანანა გეგიძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

მომდევნო ორი საღამო – 23 და 25 აგვისტოს, ისევ ბათუმში გაიმართა.

23 აგვისტოს სცენაზე ფრანგი დირიჟორი ანდრეს გაბეტა (მევიოლინე), ბათუმელთათვის უკვე კარგად ნაცნობი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სოპრანო მარინა მაჩიტიძე და ისევე, როგორც პირველ საღამოს, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე) ვიხილეთ. მსმენელმა დიდი სიამოვნება მიიღო ნინო როტას, ვივალდის, სალვადორის, პიაცოლას, მოლინელის ნაწარმოებების ბრწყინვალე შესრულებით.

25 აგვისტოს, ბათუმური ფესტივალის დასკვნით საღამოზე, მსმენელით სავსე დარბაზში თავიანთი შემოქმედება პიანისტმა გლორია კამპანერიმ, ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, საოპერო მომღერალმა მარინა მაჩიტიძემ წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ სხვა, უკვე ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალის დასკვნით საღამოზე რამდენიმე ნაწარმოები ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტმა, ბათუმელმა ფლეიტისტმა ნიკოლოზ ვადაჭკორიამ შეასრულა. ფესტივალის ფარგლებში პირველად შესრულდა ასტორ პიაცოლას „ტანგო – ოპერაციონე“. ეს არის ოპერა და ტანგო გაერთიანებული – ტანგოს რიტმების შერწყმა კლასიკურ საოპერო ვოკალთან, სადაც საოპერო ნომრები მარინა მაჩიტიძემ ფორტეპიანოსთან, ბანდონეონთან და ფლეიტასთან ერთად შეასრულა. ეს იყო არაჩვეულებრივი ემოციური მუსიკალური მოგზაურობა. ასევე, შესრულდა კარლოს გარდელის ნაწარმოებები.

ბათუმელი კლასიკური მუსიკის მოყვარულები სამი დაუვიწყარი საღამოს მოწმენი გახდნენ. სამივეში უცხოეთში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოხიბლეს მსმენელი, მუსიკოსებმა დამსახურებულად მიიღეს ის სითბო და სიყვარული, რომელიც დარბაზმა უხვად გასცა – ყველა საღამო ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

შთაბეჭდილებები, როგორც მონაწილეებისგან, ისე მსმენელისგან ჩავიწერეთ..

ლელა მჭედლიძე, თბილისის ოპერის თეატრის პირველი ვიოლინო, მთავარი კონცერტმაისტერი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი (სავიოლინო კათედრაზე), ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ საბაზო ორკესტრის ხელმძღვანელი და პირველი ვიოლინო:

– ლიანა რომ დღეს ჩვენთან არ არის, ეს დიდი ტკივილია, მაგრამ ერთად სიხარულიც, რადგან ის მის ცხოვრებას და არსებობას ფესტივალის, იმ ადამიანების სახით აგრძელებს, ვინც მაშინ მონაწილეობდა და ვინც ამ ფესტივალის ერთგული დღესაც რჩება. რა არის ერთგულება? ის, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ისე, როგორც ლიანას გაუხარდებოდა. ჩემი თავიც ამ ფესტივალის უცვლელ ნაწილად მიმაჩნია. ამ ფესტივალისთვის ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, „ვალაგებთ“ – რა შესრულდეს, ვინ შეასრულებს… პირადად მე ლიანასთან ერთად წლების განმავლობაში არაერთი ქვეყანა მოვიარე, უამრავ საკონცერტო დარბაზში გამოვდიოდით, ერთად სად არ დაგვიკრავს: კანარის კუნძულებზე, მღვიმეშიც კი დავუკარით ვივალდის „წელიწადის დრონი“. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – როცა „ევრო“, როგორც ფული, მიმოქცევაში შემოვიდა, ამის პრეზენტაციაზეც კი დავუკარით. ძალიან ბევრ სიხარულს გვაზიარა ამ დიდებულმა ქალბატონმა და როგორ შეიძლება, არ გვახსოვდეს. უდავოდ, დიდი ხელოვანი და პედაგოგი იყო. ზოგჯერ ისეთ ფრაზას გვეტყოდა, რომ მერე მთელი ცხოვრება გვახსოვდა. ზოგადად, ძალიან ჭკვიანი ქალი გახლავთ. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ძალიან მხიარული იყო, მაგრამ ამის მიღმა ძალიან დიდი სევდა იმალებოდა… მისი სიღრმე მის დაკვრაშიც კარგად ჩანდა. წელს სხვანაირი წელია, საიუბილეო, 80-ის შესრულდებოდა, რომ არა მძიმე სენი… ბედნიერი ვარ, რომ ეს ფესტივალი გრძელდება, იმითაც, რომ ახალგაზრდა თაობას არათუ ახსოვს დიდი მევიოლინე, სახელს, მის ჩანაწერებსაც კი უფრთხილდება. საქართველოში წელს პირველად გამოვიდა იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო, რომლისთვისაც მინდოდა, გამეცნო ისაკაძის ჩანაწერები. იცით, რა მითხრა? 14 წლიდან ვუსმენ და აღფრთოვანებული ვარო. ის 22 წლისაა. წლევანდელ საიუბილეო ფესტივალზე განსაკუთრებული აქცენტები დავსვით და რეპერტუარში ის მარგალიტები შევიტანეთ, რომელსაც ლიანა ასე ხშირად და დიდი წარმატებით ასრულებდა.

სოფო ხალვაში, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი:

– მართლაც განსაკუთრებული ფესტივალია, თავისი შემადგენლობითაც, იგი ბათუმში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ღირსეული ფესტივალების სიაში ჩაეწერა და დღემდე თამასა არ დაუწევია, პირიქით, უფრო და უფრო საინტერესო მუსიკას გვთავაზობს. ეს მნიშვნელოვანია იმ თაობისთვის, რომელიც მომავალში მუსიკის გზას გაჰყვება. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი მუსიკოსების ჩამოყვანისთვის.

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

– ეს ფესტივალი მარტო კონცერტებს არ მოიცავს, ერთი თვის განმავლობაში, ის ვარსკვლავები, რომლებიც აქ ჩამოდიან, სრულიად უსასყიდლოდ ჩვენს ბავშვებს უტარებენ საინტერესო და მნიშვნელოვან მასტერკლასებს. ტარდება ვორქშოპები. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვისაც გვაქვს ღონისძიებები გათვალისწინებული. დღეს დასრულდა ბათუმური ფესტივალი. სამი კონცერტი ჩატარდა და სამივეზე ანშლაგი იყო.

ნათია ბლაგიძე, აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– მადლობა ორგანიზატორებს ყოველწლიურად ფესტივალის მაღალორგანიზებულად ჩატარებისთვის გაწეული შრომისთვის. ეს არის ლიანა ისაკაძის სახელის უკვდავყოფა. წელსაც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ვართ, რაც იმითაა განპირობებული, რომ ფესტივალის შემოქმედებითი ღირებულება ძალიან დიდია – პროგრამა მრავალფეროვანია და სრულ შესაბამისობაშია სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებთან. ესაა ახალგაზრდა შემოქმედებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა, რასაც სრულად პასუხობს ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამა. ის ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ პროფესიული ცოდნა წამყვანი, შემდგარი ხელოვანებისგან, რაც სამომავლოდ პროფესიულ კარიერაში წარმატების მიღწევის საფუძველია.

იუკი სერინო, მევიოლინე:

– პირველად ვიმყოფები საქართველოში და აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით – მსმენელით, ხალხით, ბუნებით. შესანიშნავი ატმოსფეროა, საუკეთესო მსმენელი მოვიდა. განსაკუთრებული პატივია ლიანა ისაკაძის საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობა მევიოლინის რანგში, რადგანაც ის უდიდესი ფიგურა გახლდათ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი ისაკაძეს და ქალბატონ ნინა ცაგარელს ჩემი აქ მოწვევისთვის. მიხარია, რომ მსმენელმა კარგად მიმიღო.

ბეატრიჩე ვენეცი, იტალიელი დირიჟორი:

– პირველად ვარ ბათუმში, ამ თეატრში. ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონ ლიანა ისაკაძის დაარსებულ ფესტივალში მონაწილეობა და დირიჟორობა. საოცარი პუბლიკა იყო. ახლა უკვე თბილისში შევხვდებით ერთმანეთს და ვფიქრობ, იქაც სასიამოვნო საღამოები გველის.

ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძე, საოპერო მომღერალი:

– ყველაფერი საუკეთესოდ ჩატარდა. ვისურვებ, რომ ასეთი კონცერტები ხშირად გაიმართოს. არაჩვეულებრივი მონაწილეები იყვნენ, დირიჟორი – შესანიშნავი… მოწოდების დონეზეა ორკესტრი ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით, ვულოცავ ჩემს ქალაქს და ყველა მონაწილეს.

მარინა მაჩიტიძე, საოპერო მომღერალი:

– ემოციებით ძალიან დატვირთული ვარ. ბათუმში კლასიკური რეპერტუარით პირველად გამოვედი და იმედი მაქვს, რომ ამის საშუალება კიდევ მომეცემა. თავად მივიღე დიდი სიამოვნება და იმედი მაქვს, მაყურებელმაც ისიამოვნა.

მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ბანდონეონისტი:

– თქვენს ქალაქში არაერთხელ ვარ ნამყოფი და ყოველთვის დიდი შთაბეჭდილებით მივდივარ აქედან. საქართველო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მასში ყოველთვის საუკეთესო მუსიკოსები მონაწილეობენ, თანაც ბათუმის თეატრი აკუსტიკურად ძალიან მომწონს. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ვეწვევი ფესტივალს, რადგან მაღალი დონე, არაჩვეულებრივი რეპერტუარია. ძალიან მომწონს თქვენი ახალგაზრდა ფლეიტისტი ნიკოლოზ ვადაჭკორია, რომელთან ერთად დავუკარი ფესტივალის ბოლო დღეს.

ანდრეს გაბეტა, დირიჟორი:

– უბედნიერესი ვარ, რომ ლიანა ისაკაძის დაარსებულ ფესტივალში ვმონაწილეობდი, მით უმეტეს, რომ წელს მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება. მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული რეპერტუარით წარვსდექით და მიხარია, რომ იგი მსმენელმა შესანიშნავად მიიღო.

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

– დიდი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის სახელი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მუსიკალური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ფესტივალი კი მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის, იდეებისა და მისიის გაგრძელება, წელსაც ფესტივალი საერთაშორისოდ აღიარებულ არტისტებს მასპინძლობს. მათთან ერთად სცენაზეა „საქართველოს ვირტუოზები“ – ფესტივალის საბაზო ორკესტრი, რომელიც ლიანა ისაკაძემ დააარსა და დღემდე ერთგულად ინარჩუნებს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. მისი პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძეა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს, მხარდამჭერებს და კონცერტებზე მოსულ მსმენელს.

ნიკოლოზ ვადაჭკორია, ფლეიტისტი:

– მიხარია, რომ წელსაც მივიღე მონაწილეობა ფესტივალში. ყოველი კონცერტი ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს მოიცავს, რაც მნიშვნელოვანია. მაღალი კლასის მუსიკოსებთან მქონდა ეს დღეები ურთიერთობა, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის დიდი პატივია.

ქეთევან მანელიშვილი, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარი ქორმაისტერი:

– დღევანდელი კონცერტი იყო ძალიან დახვეწილი, გემოვნებიანი, კამერულ სტილში გადაწყვეტილი. დარბაზში არაჩვეულებრი მსმენელი იჯდა. გამორჩეული მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ძალიან ვისიამოვნეთ. მადლობა ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და მონაწილეებს ასეთი მაღალი დონის საღამოს შემოთავაზებისთვის.

ნატალია ორაგველიძე, ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის დირექტორი, მუსიკოსი:

– სიტყვები ნამდვილად უძლურია, მისმა უდიდებულესობა მუსიკამ თავისი სათქმელი ისე თქვა, როგორც ამ არაჩვეულებრივი ფესტივალის დამფუძნებელს, მსოფლიო რანგის მევიოლინე ლიანა ისაკაძეს ეკადრებოდა. ეს იყო სამი მაღალი დონის კონცერტი. მაყურებელი ემოციებით სავსეა. ჩემთვისაც დაუვიწყარი საღამო იყო. მიხარია, რომ ჩვენი უნიჭიერესი ფლეიტისტი ნიკა ვადაჭკორია არაფრით ჩამორჩა მსოფლიო დონის ისეთ მუსიკოსს, როგორიცაა მარიო სტეფანო პიეტროდარკი და საკმაოდ კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები. მიხარია, რომ წლევანდელმა ფესტივალმა ბათუმის საზოგადოებას შესანიშნავი იტალიელი, ძალიან ემოციური პიანისტი გლორია კამპანერი გააცნო, რომელმაც სცენიდან გვითხრა, რომ მოხიბლულია საქართველოთი და სიამოვნებით ჩამოვიდოდა ისევ.

სამი საუკეთესო საღამო გვაჩუქა ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალმა. სამივე ნამდვილად იმსახურებდა გულწრფელ ოვაციებს და მხურვალე ტაშს, რაც ბათუმის საზოგადოებამ უშურველად გასცა.

მომავალ შეხვედრამდე!

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აგვისტო 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *