მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს დეველოპერული გიგანტი უერთდება
ბათუმში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახალი, მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი შემოუერთდა. „ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და დუბაის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანია HOLM Developments-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ავაიანმა. შეთანხმების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული გიგანტი კუნძულის ტერიტორიაზე 140 000 კვმ ფართობზე უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.
ინვესტიციის მოცულობა: $250 მილიონზე მეტი.
ტერიტორია: 140 000 კვმ მულტიფუნქციური კომპლექსისთვის.
პარტნიორი: HOLM Developments (დუბაი) – კომპანია ოპერირებს სრულად საკუთარი კაპიტალით დაფინანსებული მოდელით, ხოლო მისი სამშენებლო გარანტიები 1.1 მილიარდ დირჰამს აჭარბებს.
რეგიონის პირველი სრულყოფილი გენერალური გეგმით შემუშავებული ხელოვნური კუნძული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მძლავრ ჰაბად ყალიბდება.
როგორც HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ავაიანმა აღნიშნა, საქართველოს ბაზრის ზრდის ტემპი და ამბასადორის კუნძულის უნიკალური ლოკაცია სრულად პასუხობს იმ მაღალ ურბანულ და ინსტიტუციურ სტანდარტებს, რომლითაც კომპანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელმძღვანელობს.
„HOLM Developments-ის მიერ კუნძულის გენერალური გეგმის ფარგლებში, 140 000 კვმ-ზე მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარება და მათი გრძელვადიანი გეგმები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმა შავი ზღვის აკვატორიაში უცხოელი ინვესტორებისთვის უმაღლესი ნდობითა და მიმზიდველობით სარგებლობს“, – განაცხადა გოჩა კამკიამ.
დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსის ოფიციალური წარდგენა 28 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას ბიზნესსექტორის ლიდერებთან ერთად, დუბაიდან სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო მედიისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც გლობალურ აუდიტორიას ბათუმისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.