დიდი წარმატება – ამერიკაში
By

დიდი წარმატება – ამერიკაში

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-ვეგასში, 28–29 აგვისტოს ამერიკის ღია ჩემპიონატი გაიმართა კონტაქტურ კარატეში, რომელშიც კანადის, არგენტინის, გერმანიის, უკრაინის, ყაზახეთის, პოლონეთის, რუსეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს სახელით ჩემპიონატში სამი სპორტსმენი ასპარეზობდა და სამივემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა: მინდია მგელაძემ (-70 კილოგრამი წონითი კატეგორია), დათა ფუტკარაძემ (-80 კილოგრამი წონითი კატეგორია), დავით მსხალაძემ (+ 80 კილოგრამი წონითი კატეგორია) ბრწყინვალედ ჩაატარეს ფინალური ბრძოლები და სამივე პირველ ადგილსა და ოქროს მედალს დაეუფლა.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი მოიპოვა.

საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცინცაძე მადლობას უხდის საქართველოს სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძეს, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძეს – მხარდაჭერისთვის.

– განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ შიხან ავთანდილ შენგელიას ნდობისთვის, რომელმაც მოგვცა შანსი, კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოგვეჩინა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, მადლობა ამერიკის სპორტული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩემპიონატის ორგანიზატორებს მიწვევისა და მაღალი დონის მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებისთვის, ღირსეული ბრძოლისთვის და იმ გამარჯვებებისთვის, რომელთა წყალობითაც საქართველო მრავალ ძლიერ ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე გავიდა. ეს გამარჯვება უკვე ისტორიის ნაწილია. ჩვენ არ ვჩერდებით – ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და ახალი გამარჯვებებისკენ სწრაფვას, – აღნიშნა ლევან ცინცაძემ. იგი იმ წარმატებულ მწვრთნელთა შორისაა, რომელთა აღსაზრდელები ბოლო წლებია, საქართველოს სახელს ღირსეულად იცავენ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *