ტბელის ძეგლის გახსნა დაბა ხულოში და „ტბელობა“ – ხიხაძირში გაგრძელებული ზეიმი
საქართველოს ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს მეცამეტე საუკუნის თვალსაჩინო მეცნიერს, მრავალი ეკლესიისა და ხიხანის ციხის მშენებელს, პროზაიკოსს, ჰიმნოგრაფს, მწიგნობარსა და ასტრონომ აბუსერისძე ტბელს. ქართველი ერი მის საქმეებს პატივს მიაგებს. დასტურად, სახალხო დღესასწაულ „ტბელობის“ დაარსებაც საკმარისია, რომელიც მალე 50 წელს მიითვლის. ქართულმა ეკლესიამ ტბელი წმინდანად შერაცხა და ერი და ეკლესია, რამდენიმე წელია „ტბელობას“ერთად ზეიმობენ. გამორჩეული პატივი ღირსეულ მეცნიერს წელსაც მიაგეს, როცა ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისთვის ემზადება.
დღესასწაულის დაარსების დღიდან საზოგადოება ტბელის ძეგლის დადგმას ითხოვდა. მხოლოდ წელს მიიყვანეს ეს საშვილიშვილო საქმე ბოლომდე მოქანდაკე დავით ბოლქვაძემ, არქიტექტორმა ოთარ შავაძემ და ქველმოქმედმა ენრიკე (გრიგოლ) ბერიძემ, ხელისუფლების თანადგომით. რეგიონის, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სხალთის ეპარქიის მღვდელმთავარი და მღვდელმსახურები, საპატიო სტუმრები, ხულოელები ტბელის ხსენების დღეს, დაბა ხულოს სკვერში, ახლად დადგმულ ძეგლთან შეიკრიბნენ.
ვიდრე ძეგლს საბურველს ჩამოხსნიდნენ, ტბელის საზოგადოებრივ-მეცნიერულ და საეკლესიო მოღვაწეობაზე ისაუბრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, რომელიც „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ.
ძეგლი დაბა ხულოს განახლებულ სკვერშია განთავსებული, სადაც მოწყობილია ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. ზურაბ პატარაძემ, ვახტანგ ბერიძემ და დავით ბოლქვაძემ ძეგლს საბურველი ჩამოხსნეს.
დაბა ხულოში დაწყებული ზეიმი ტბელის სამკვიდროში – ხიხაძირში გაგრძელდა. მოზეიმეებს მიესალმნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე. პოეტმა გულიკო გაბაიძემ ტბელისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა.
რამდენიმე წელია დაწესებულია წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია. წელს ლაურეატები გახდნენ ცნობილი სამართალდამცავი და მეცნიერი გივი აბაშიძე და არქიტექტორი ოთარ შავაძე. მათ დიპლომები ზურაბ პატარაძემ და ცოტნე ანანიძემ გადასცეს.
დღესასწაული ადგილობრივი ანსამბლების – „ბერმუხას“ „ხელგაშლილას“, „არგინეთის“, „ხიხანის“, „სხალთას“, „ვერნების“ მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.
„ტბელობის“ სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქედის, შუახევის, ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოთარ ცინარიძე