ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. მოსახლეობამ უარყო მთავრობის ინიციატივა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე და იმათ პოზიციას მიემხრო, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის სათევზაო აკვატორიის სასწორზე დაყენება არ ღირს.
„ეს გადაწყვეტილება ბრიუსელისთვის გულდასაწყვეტია. ევროპელი ჩინოვნიკები ისლანდიას „უპრობლემო“ პარტნიორად განიხილავდნენ, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეთა ეჭვები უნდა გაეფანტა და არქტიკის უსაფრთხოების ფონზე, ბლოკი სტრატეგიულად გაეძლიერებინა“, – წერს CNN-ი.
მთავრობა, გაწევრიანების გეგმას „ახლა ან არასდროს“ პრინციპით უდგებოდა, პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა კი აგვისტოში ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში, ევროკავშირზე საუბარი საბოლოოდ დასრულდებოდა. ევროკავშირში შესვლის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, რომ გაწევრიანება შეამცირებდა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ქვეყანას მეტ სტაბილურობას მოუტანდა.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი თორგერდურ კატრინ გუნარსდოთირი სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და აღნიშნა:
„ისლანდიელმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა. გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე აღარ გაგრძელდება. ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კვლავ მყარად დაეფუძნება ევროპის ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმებას“.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს. იგივე პოზიცია დააფიქსირა ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.