„ჯვარიმინდორობა“ – უდიდესი პატივისცემის, თანადგომისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითი
– ჩემს ცხოვრებაში ღირსეული და დასამახსოვრებელი თარიღი მრავალია, მაგრამ 2012 წლის 28 აგვისტო მაინც გამორჩეულ დღედ დარჩება. 15-ზე მეტი შუახეველი შევიკრიბეთ სანდრო შარაშიძის კოშკთან და ოზურგეთისკენ მიმავალ გზას გავუდექით (უკვე წუთისოფელში აღარ არიან სანდრო შარაშიძე, პროფესორი შოთა მახარაძე). იმ დღეს აჭარის მთიანეთის ისტორიაში დიდი და დაუვიწყარი საქმე გაკეთდა – საუკუნეების წინათ გურიაში, მღვდელ ზაქარია ქათამაძის მიერ გადანახული ჯვარი ძირძველ ქართულ მიწას, ჩვენი ქრისტიანობის ბალავარს – აჭარას დაუბრუნდა. ახლაც თვალწინ მიდგას შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსების გაბრწყინებული სახე, როცა ჯვარსა და ექსპედიციის მონაწილეებს აჭარა-გურიის ქედის გადმოვლით გზას გვილოცავდა. თაგინურიდან ჯვარიმინდორამდე ჯვარი ხელდახელ გამოვატარეთ. კლდეში, ბუნებრივად ნაკვეთი ჯვრის სიახლოვეს დავასვენეთ და უფალს მადლობა გადავუხადეთ, რომ აღსრულდა მღვდელ ზაქარია ქათამაძის ნატვრა: „ჯვარო, მიდიხარ, ჯვარო, დაბრუნდებიო“, – ასე იხსენებს იმ დღეს ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ლევან მჟავანაძე. ჯვრის გადმოსვენება იყო საწინდარი, რომ დაწესებულიყო „ჯვარიმინდორის“ ფესტივალი. პანდემიის პერიოდში ფესტივალი არ გამართულა. ამიტომაც წელს ფესტივალს აჭარის მთავრობამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მეტი დატვირთვა შესძინა. მთიელმა ჭაბუკებმა და ფესტივალზე მოპატიჟებულმა სტუმრებმა სახელდახელოდ ფრენბურთში გუნდები ჩამოაყალიბეს, მკლავჭიდელები, უროს მტყორცნელები და ძალოსნები ცალკე ასპარეზობდნენ. უროს ტყორცნაში ლაკლაკეთელ ედნარ კეჟერაძეს ბადალი არ ჰყავდა.
ზეიმის მონაწილეებს მიესალმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე. ფესტივალის მთავარი მიმართულება იყო და რჩება კულტურული ღონისძიებები. სცენა პირველად შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „ჭვანას“ დაეთმო. საზოგადოებას კარგად ახსოვს ის წლები, როცა ჭვანის ხეობის ღირსეულმა შვილებმა სახალხო დღესასწაულ „ჭვანობას“ დაუდეს სათავე. 2013 წლიდან „ჭვანობა“ „ჯვარიმინდორის“ ფესტივლით ჩაანაცვლეს, რომელმაც ის მთავარი მახასიათებელი გადაიბარა, როგორიცაა „საპატიო ჭვანელის“ არჩევა. უკვე ამ წოდებას 30-ზე მეტი ჭვანის ხეობის მკვიდრი და ის ადამიანები ატარებენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხეობის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ დაწინაურებაში. მოზეიმეებს მიესალმნენ: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, საზოგადოება „ჭვანელის“ თავმჯდომარე თემურ ზოიძე. მათ „საპატიო ჭვანელის“ დიპლომები გადასცეს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრ, ისტორიული, მხატვრული რომანების, მოთხრობებისა და ლექსების კრებულის ავტორ დავით ქათამაძეს, ეთნოგრაფს, აკადემიურ დოქტორ მარიამ შალიკავას, შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – გივი კილაძეს, მეგზევეს, 40 წლის განმავლობაში ნაყოფიერი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის – შაქრო ქათამაძეს, ბიზნესმენსა და ქველმოქმედს, რომელმაც მრავალწლიანი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭვანის ხეობის მოსახლეობის დასაქმების, ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოფლის კეთილდღეობის განვითარების საქმეში – ნუგზარ ჭაღალიძეს, მექანიზატორს, ხეობის მოსახლეობის კეთილდღეობაზე მრავალწლიანი ზრუნვის, საავტომობილო გზების გაყვანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, პროფესიული კომპეტენციისა და თავდადებული შრომისთვის – მემედ ტაკიძეს, ექიმ-პედიატრს, მრავალი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი კეთილდღეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის, პროფესიული ერთგულებისა და თავდადებული საქმიანობისთვის -თემურ ქარცივაძეს.
„საპატიო ჭვანელებმა“ ამაგის დაფასებისთვის მადლობა გადაიხადეს.
შეკრებილებს მიესალმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ფუტკარაძე. ფესტივალის კულტურული ნაწილი ანსამბლ „ჭვანასთან“ ერთად გააგრძელეს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა უხუცესთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ფესვები“, ფოლკლორულმა ანსამბლმა „მარეთი“, ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ნაი“, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებულმა ხიჭაურის საჯარო სკოლის ბენდმა, მოწვეულმა მომღერალმა სოფო ბედიამ. ფესტივალს, ტრადიციისამებრ, წელსაც მრავალი საპატიო სტუმარი ჰყავდა. გამორჩეულები მაინც თბილისის 133-ე სკოლის 20-ზე მეტი პედაგოგი და მათი დირექტორი იყვნენ. კომენტარი ლიანა ფუტკარაძეს ვთხოვეთ:
– „ჯვარმინდორობა“ – ეს ისტორიაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს! ჭვანის ხეობაში სტუმრობა ჩემთვის და ჩვენი სკოლის პედაგოგებისთვის განსაკუთრებული პატივი და დაუვიწყარი ემოცია აღმოჩნდა. ყველაზე ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ამ დღესასწაულზე ჩემთვის სწორედ ადამიანთა ერთობის საოცარი მაგალითია. „ჯვარმინდორობას“ ერთნაირი სიყვარულითა და ენთუზიაზმით აღნიშნავენ როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები. განსაკუთრებით ემოციურია იმის დანახვა, რომ ადგილობრივი მუსლიმები ქრისტიანული სიწმინდის – ჯვრის – დაბრუნებას ზეიმობენ. ეს არის უდიდესი პატივისცემის, თანადგომისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ადამიანებს სიყვარული, ისტორია და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. ფესტივალის მიმდინარეობისას მთა თაგინური განსაკუთრებულად გაცოცხლდა. გაიმართა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება. სტუმრებს დახვდა კვების სივრცეები, საინტერესო ინსტალაციები და ფოტოზონები, ხოლო მუსიკალურ ნაწილში ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. ყოველივე ეს დღესასწაულს განსაკუთრებულ ხიბლსა და სილამაზეს სძენდა. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ოფიციალურ და საპატიო სტუმრებს შორის ვიყავით ჩვენ – 133-ე საჯარო სკოლის პედაგოგები. ჩემთვის განსაკუთრებული სიხარული იყო, რომ ამ ლამაზ დღესასწაულზე ჩემს მშობლიურ აჭარაში სწორედ ჩემს კოლეგებთან ერთად აღმოვჩნდი. ვხედავდი მათ აღფრთოვანებას, ემოციას, ინტერესსა და მადლიერებას. მათთვის ეს მხოლოდ ფესტივალზე დასწრება არ ყოფილა – ეს იყო შესაძლებლობა, თვალით ენახათ აჭარის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ერთი განსაკუთრებული ფურცელი. როგორც პედაგოგს, განსაკუთრებით მიხარია, რომ ისტორია მხოლოდ წიგნის გვერდებზე არ რჩება და მას ადამიანი საკუთარი თვალით ხედავს, საკუთარი გულით განიცდის. დარწმუნებული ვარ, ჩემი პედაგოგები ამ დღისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ჩვენს მოსწავლეებს. ეს კი სწორედ ის კავშირია, რომელიც ისტორიას მომავალთან აკავშირებს. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო შუახევის მუნიციპალიტეტს და მის მერს, ბატონ ომარ ტაკიძეს, ასეთი ღირსეული ღონისძიების ორგანიზებისა და განსაკუთრებული მასპინძლობისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა აჭარის დეპუტატს, ბატონ ფრიდონ ფუტკარაძეს, ყურადღებისა და სითბოსთვის. და, რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია თბილისელი პედაგოგების სიტყვები და მადლობა. მათი აღფრთოვანება და ემოცია ჩვენთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. მიხარია, რომ შევძელი მათთვის ამ დაუვიწყარი დღის ჩუქება და ერთად გავიზიარეთ ის, რაც მშობლიურ აჭარას ასე განსაკუთრებულს ხდის“, – გვითხრა ლიანა ფუტკარაძემ.
ოთარ ცინარიძე