ვეტერანების შეკრება – შუახევში
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის, შუახევის რაიონის განათლების განყოფილების ყოფილი გამგის, თეიმურაზ დავითაძის ორგანიზებით, ვეტერანთა შეკრება გაიმართა
შეკრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანების ნათელ ხსოვნას, რომლებმაც შუახევის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას, მოსახლეობის კეთილდღეობას წლები შეალიეს და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობით, კარგი სახელი დატოვეს. დამსწრეთა შორის იყვნენ შუახევის რაიონის ყოფილი პირველი პირები ალექსანდრე ჯიბლაძე და შოთა ფუტკარაძე.
შეკრების მონაწილეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე.
თეიმურაზ, ვაჟა, მერაბ დავითაძეებმა, ალექსანდრე ჯიბლაძემ, შოთა ფუტკარაძემ, ვალერიან ქარცივაძემ, ოთარ ცინარიძემ, თამაზ, შოთა აბუსელიძეებმა, ვალერიან აბაშიძემ მუშაობის ცალკეული ეპიზოდები და კურიოზები გაიხსენეს.
– 80-იანელებმა ანუ ვეტერანებმა კარგ წამოწყებას დაუდეს სათავე. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა. ამ ადამიანების მდიდარი გამოცდილება ახალგაზრდებმა უნდა გაიზიარონ, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ცოტნე ცაბაძე.