ირაკლი კობახიძე: საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია
By

ირაკლი კობახიძე: საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და Columbia Group-ის პარტნიორობის განვითარების დინამიკას. აღინიშნა კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის მხარდაჭერასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებაში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.

ყურადღება გამახვილდა ტვირთნაკადის მზარდ დინამიკაზე და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.

მთავრობის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო მეზღვაურთა კვალიფიკაციის და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე დაესწრნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *