ირაკლი კობახიძე პრემიერობიდან შესაძლო წასვლაზე: 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას, უპასუხა, რომ აღნიშნულ კითხვას სამი თვის შემდეგ კვლავ ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კითხვა ყოველ სამ თვეში აქტიურდება.
„3 თვეში ერთხელ ისმის ხოლმე ეს კითხვა. ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დასვამთ ამ კითხვას“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტი ზურაბ პატარაძემ დაიკავოს, კობახიძემ აღნიშნულ ინფორმაციას „ჩორტაობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე კითხვის დამსმელიც „ჩორტაობს“.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესზეც ისაუბრა. მისი თქმით, საკუთარ გუნდთან ერთად, მას ერთი წელი და ხუთი თვე დასჭირდა, რათა „სისტემის იმ პრობლემებისგან გაწმენდა მოეხერხებინა, რომელიც დაგროვილი იყო“.
„მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავიკავე, თქვენ იცით, რომ ძალიან მკაფიო მინიშნება იყო ბიძინა ივანიშვილისგან კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად და კიდევ ერთხელ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აღმოგვეფხვრა ის პრობლემები, რომლებიც იყო დაკავშირებული მართვის სისტემასთან. წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა პირადად მეც, მთლიანად გუნდს იმისათვის, რომ დაგროვილი პრობლემები აღმოგვეფხვრა.
მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ პრობლემებზე, ჩვენ დავინახეთ კონკრეტული პრობლემები. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა იმისათვის, რომ მართვის სისტემაში არსებული პრინციპული პრობლემები აღმოგვეფხვრა, ეს გააკეთა გუნდმა, ამასთან დაკავშირებით იყო ბიძინა ივანიშვილის მითითება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მივიღეთ, როგორც მთავარი ხაზი და ეს ხაზი ბოლომდე გავატარეთ. წელიწადში და 5 თვეში მთლიანად მოვახერხეთ სისტემის იმ პრობლემებისგან გაწმენდა, რომელიც დაგროვილი იყო“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, თავად კობახიძე კი მაკონტროლებელ ორგანოში – პარლამენტში, რატომ არ აკონტროლებდა მთავრობას კორუფციის მიმართულებით, პრემიერმა ეპასუხა, რომ იმ პერიოდში სხვა რესურსი ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, პარლამენტიდან გაქვს სხვა რესურსი და როცა უშუალოდ მართავ სისტემას, სხვა რესურსი გაქვს. იმ პირობებშიც კი, როცა მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა მეკავა, წელიწადი და 5 თვე დამჭირდა და დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მითითებით, მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.