ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ.
ამასთან, ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
„თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, დასაბუთება იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას (მაგ., ესე, პროექტი, კვლევითი/საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა). შემაჯამებელი დავალების ვალიდურობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების (შეფასების რუბრიკის) გამოყენება, რომელიც სასწავლო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, წინასწარ მიეწოდება მოსწავლეს.
თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ამასთან, საშინაო დავალების კომპონენტი დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით. თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით“, – ნათქვამია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.