„გურია“ – ქართული კინო ვენეციის დიდ ეკრანზე
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალმა კინემატოგრაფიის სამყაროს კარი კიდევ ერთხელ გახსნა, წლევანდელ ფესტივალზე კი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვანი დღე შედგა – 9 სექტემბერს, Venice Spotlight-ის სექციაში, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის, „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
„ვენეციის 83-ე კინოფესტივალი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, იმდენად, რამდენადაც სწორედ აქ გაიმართა ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმის, „გურია“ მსოფლიო პრემიერა. საპრემიერო ჩვენების გარდა, დაგეგმილია ფილმისა და ქვეყნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იმართება. აღსანიშნავია, რომ დიდი მოლოდინი გვაქვს უცხოელი კინოკრიტიკოსების გამოხმაურებასთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს წამყვან გამოცემებში რამდენჯერმე უკვე გაჟღერდა ფილმზე ინფორმაცია. ამასთან, ერთ-ერთმა დიდმა ფრანგულმა კომპანიამ ფილმის საერთაშორისო გაყიდვები საკუთარ თავზე აიღო. ვფიქრობთ, ლევან კოღუაშვილის ნამუშევარი საკმაოდ კარგ გამოხმაურებას დაიმსახურებს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გურია“ ღირსეულად აგრძელებს ქართული კინოს ტრადიციას“, – განაცხადა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა.
ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. „გურია“ შვიდი ქვეყნის – საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის კოპროდუქციაა. ფილმის სცენარის ავტორები ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილი და გიორგი კეკელიძე არიან.
„გურიის“ საერთაშორისო გზა ვენეციის კინოფესტივალზე მსოფლიო პრემიერით არ სრულდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე, „ოსკარზე“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.
„გურია“ ქართული კინოს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ვენეციის 83-ე კინოფესტივალზე მისი მსოფლიო პრემიერა ქართული კინემატოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.