ირაკლი კობახიძე: ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურასა და სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, ხოლო უახლოეს პერიოდში დამატებით არსებით საკადრო ცვლილებებს არ ელოდებიან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებები შეეხო საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებსაც. „არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გეკა გელაძის წასვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. პრემიერის შეფასებით, გელაძის პროფესიული გამოცდილება და ცოდნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს გააძლიერებს.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდ გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის, ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა თამაზ ბორაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, ბორაშვილი სამართალდამცავ სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს და კარიერული გზა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017-2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. ბატონ თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.