ტურიზმის ფაკულტეტი კურსდამთავრებულთა კლუბს აფუძნებს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აქსარაის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ბსუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ემოციური მომენტი ტრადიციული აჭარული კერძების მასტერკლასი იყო. დელეგაციის წევრებმა ადგილზე მოამზადეს და აქსარაის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს დააგემოვნებინეს ავთენტური აჭარული კერძები, რამაც განსაკუთრებული, მეგობრული ატმოსფერო შექმნა და ქართული კულტურისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
,,განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მუდმივი მხარდაჭერისთვის და აქსარაის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და კოლეგებს ასეთი თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით DEİK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს ჩვენი უნივერსიტეტებისა და ქვეყნების აკადემიური და საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დარწმუნებულები ვართ, ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ ერთობლივ წარმატებებს“, – აღნიშნულია ბსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა მოინახულეს კაპადოკიისა და ნევშეჰირის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები, მათ შორის – წარმოსახვის ხეობა, უჩჰისარის ციხესიმაგრე, იჰლარას ხეობა და კერამიკის დამზადების ცენტრი, სადაც სტუმრებს ტრადიციული ხელობისა და კერამიკის წარმოების პროცესის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
,,მოგზაურობა ასევე, დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და თავგადასავლებით. მონაწილეებმა გამოსცადეს კვადროციკლით (ATV) გადაადგილება და ისიამოვნეს ცხენებით გასეირნებით, რამაც ვიზიტს დამატებითი ემოციური დატვირთვა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შესძინა. გასვლითი ვიზიტი პროფესიულ და კულტურულ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიკვეთა კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნის იდეა. ტურიზმის ფაკულტეტი აფუძნებს კურსდამთავრებულთა კლუბს, რომლის მიზანია დიპლომის შემდგომი პროფესიული კომუნიკაციის შენარჩუნება, მეგობრული კავშირების გაღრმავება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. კლუბის დაფუძნების იდეა „ექსპო ბათუმი 2026“-ის პრაქტიკანტებისათვის დაგეგმილი გასვლითი პროფესიული და შემეცნებითი ვიზიტისას ჩამოყალიბდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აქსარაიში, კაბადოკიაში განხორციელდა. ვიზიტი მოიცავდა კულტურულ და შემეცნებით კომპონენტებს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ბსუ-ის და ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს გაწეული მხარდაჭერისა და პირობის შესრულებისთვის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კურსდამთავრებულთა კლუბის ჩამოყალიბებას“, – წერენ ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.